17/01/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ

მოკლე შესავალი რომ გავაკეთო ყველაფერი დაიწყო 2006ში

სექტემბერში
ლონდონში უნდა გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რამდენიმე თვით ადრე ირაკლის მის დაბადების დღეზე სიურპრიზი გავუკეთე და ოთხი დღით ნუნისში წავედით დასასვენებლად. იქამდე ჩვეულებრივად ჩავედით, მაგრამ უკვე ნუნისში, აბაზანების მიღების შემდეგ, ისე იღლებოდა ნომერში ასვლა უჭირდა. თბილისში დავბრუნდით თუ არა ეგრევე ჩაწვა, დაეწყო მწვავე ანთებითი პროცესი, მაღალი სიცხეები, მოთენთილობა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა... ამას მოყვა ექიმებთან სიარული და გაურკვევლობა. ეხოსკოპიის დამაბნეველი სურათი, გადიდებული და დეფორმირებული ორგანოები, სისხლის ანალიზში ცვლილებები....

ერთ დღეს ექმიებმა უთხრეს მალარია გაქვსო, მეორე დღეს - ლეიშმანიოზიო, მერე - შიდსი იქნებაო, მერე - მგონი ბრუცელიოზიაო. თავიდან თვითონ იუმორით უყურებდა ყველაფერს, მერე დაიღალა, გამოიფიტა. მე მურაკამის წიგნის კითხვა შევწყვიტე და ეთერი ბოცვაძის 'ინფექციური დაავადებები' გადმოვიღე თაროდან.

როცა დიაგნოზს გისვამენ, შეიძლება მერე ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიო, მაგრამ როცა დიაგნოზი არ გაქვს, იმასაც კი ვერ ხვდები რა უნდა იკითხო, რა უნდა იცოდე. როგორც კი ერთ თავს ვამთავრებდი, დიაგნოზი იცვლებოდა და ახალი თავის კითხვას ვიწყებდი. უდიაგნოზობა ყველაზე ცუდი დიაგნოზია და ამიტომ ჩემი ექიმი მეგობარი ნინო მამულაშვილი, ყოველი ახალი დიაგნოზისას იძახდა - ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ მეორე დღეს ექიმის დასკვნა იცვლებოდა და როცა უკვე ლამის დეპრესიაში ჩავვარდით, ექიმებმა თქვეს C ჰეპატიტი აქვსო.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მაღალი სიცხეები ქონდა. არავის უფიქრია რომ C ჰეპატიტის პარალელურად დაემართა სხვა მწვავე ინფექცია, ამიტომ სიცხე, გადიდებული ელენთა და ზოგადად მისი მდგომარეობა იმით ახსნეს, რომ ღვიძლის დაზიანების პროცესი საკმაოდ შორს იყო წასული და ვერაფერს უშველიდნენ.

ქართველ ექიმებში ყველაზე მეტად ლირიკა მაგიჟებს:
- იცი როგორი ღვიძლი გაქვს, 30წლიანი სტაჟის ნარკომანს რომ არ ექნება ისეთი...
-
ხუთი წელი ნამდვილად იცხოვრებ...მაგრამ მეტის იმედს ვერ მოგცემ
-
ეს პროცესი არ ჩერდება, ასე თუ გაგრძელდება ერთ წელიწადში ციროზი კანდიდატი ხარ...

2006
წლის ზაფხული ასე მახსენდება: 28 წლის ირაკლი და 30წლიანი ნარკომანობის სტაჟის მქონესავით დაზიანებული ღვიძლი, თბილისის საშინელი სიცხე და გაურკვევლობა...
სამსახური 10 საათზე მეწყებოდა, სახლიდან ოცი წუთით ადრე გავდიოდი, ოფისში მივდივართქო. სინამდვილეში ყოველ დილით ჩუმად მივდიოდი მანამდე უცნობ ექიმთან და ვაჩვენებდი ექოსკოპიისა და  ანალიზების ასლებს. ყოველ დილით სამსახურში მისვლამდე კიდევ ერთხელ ვისმენდი ლირიკას:
- ასეთი ახალგაზრდა ბიჭი და ასეთი დაზიანებული ღვიძლი! შვილო, დარწმუნებული ხარ რომ ეს ბიჭი არ მაიმუნობს? რამდენიმე წელი კი იცხოვრებს, მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრებით ვერა...

მივდივარ სამსახურში, თან თავბრუ მეხვევა, თან საქმეზე კონცენტრირებას ვცდილობ, თან ნაცნობებს ვემესიჯები, გამირკვიონ კიდევ ვინ შეიძლება ვნახო... იქნებ რომელიმე ექმმა უფრო სერიოზული და ნაკლებად ფატალისტური ანალიზი გააკეთოს. გადავწყვიტე, 'სწორ' ექიმს რომ ვიპოვიდით მხოლოდ მერე მისულიყო მასთან ირაკლი. ამასობაში სიცხიანი იკა სახლში იწვა, ოჯახის წევრები უვლიდნენ, აივანზე გადიოდნენ, იქ ტიროდნენ და მერე მხიარული სახეებით ბრუნდებოდნენ მის ოთახში.

ერთ დილით ექოსკოპიის და ანალიზების დიდი დასტით მივადექი ელზა ვაშაკიძეს. მაგიდაზე დავუწყვე ყველა ფურცელი.
ის
ათვალიერებს მე ვკანკალებ, ის კითხულობს, მე ვლოცულობ.
- რამდენი წელი იცხოვრებს? ვეკითხები.
უცებ ამომხედა და სათვალე მოიხსნა.

- ეგ ექიმმმა არ იცის, ეგ იცის ღმერთმა, ექიმი მარჩიელი არ არის... პაციენტი მოვიდეს, ვნახავ, მკურნალობაზე, დიეტაზე და ცხოვრების წესზე დაველაპარაკები. ძალიან მოკლედ და მკაცრად მიპასუხა.
იმდენად საქმიანი იყო, რომ უცებ დავიჯერე მისი.
ინფორმაციას გაწვდის, არ ენაწყლიანობს და არ მიედ-მოედება, არ ცდილობს რომ მოგეწონოს, არ გამშვიდებს, უბრალოდ გეუბნება რას ფიქრობს - პროფესიონალია.

მაგრამ ამასობაში ირაკლიმ დაიჯერა, რომ მალე კვდება და სიკვდილამდე ასე უნდა იწვეს, ამიტომ ჩვენი ურთიერთობის აზრს ვეღარ ხედავდა.

'მე შენთან ყოფნა იმიტომ მინდოდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეხალისებინა და არა იმისთვის, რომ შენ ჩემთვის მოგევლო და მერე ხელში ჩაგკვდომოდიო' ეს ჯერ თბილად მითხრა, მერე დაჟინებით, მერე აგრესიულად... მერე უკვე მომთხოვა მისი ჯანმრთელობის ამბებში არ ჩავრეულიყავი. ამიტომ დავდიოდი ჩუმად ექიმთან და ამიტომ ვეძებდი 'სწორ' ექიმს, რომელიც ჯერ თვითონ დაიჯერებდა რომ ყველაფერი გადაწურული არ არის, შემდეგ კი ირაკლის დააჯერებდა.

ვიცოდი, რომ ირაკლი თუ ელზა ვაშაკიძესთან მივიდოდა, სიტუაციას უფრო ნათელ ფერებში დაინახავდა. მაგრამ იკა უკვე ექიმის ნახვას აღარ აპირებდა. დაიჯერა, რომ არაფერი ეშველებოდა და აღარ უნდოდა ამის კიდევ ერთხელ მოსმენა. წევს ლოგინში ძალაგამოცლილი, ხან არანორმალურად სენტიმენტალური, ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს და მემშვიდობება... ხან ჩემს მიმართ ძალიან აგრესიული მეჩხუბება იმიტომ რომ მე ვატყუებ, იმიტომ რომ მე ვეუბნები ყველაფერი კარგად იქნებათქო. მოკლედ ელზა კი ვიპოვე, მაგრამ ახლა პაციენტი უნდა მივიდეს მასთან.

მინდა
ირაკლის დავეხმარო, ვხვდები, რომ ამისთვის საჭიროა გავიაზრო რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც უთხრეს რომ მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს. ვიწყებ ფსიქოლოგთან სიარულს და ინტერნეტში ლიტერატურის კითხვას. პირველ რიგში პაციენტი ვერ იგებს რატომ დაემართა ეს მაინცდამაინც მას, სხვები მაიმუნობენ, იჩხირავენ, ის კი უცებ აღმოაჩენს რომ სტაჟიან ნარკომანზე უარესი მდგომარეობა აქვს. შემდეგ ცდილობს გაიგოს სად და როდის აიკიდა, რატომ აიკიდა? მისი ბრალია? კბილის ექიმი? იქ რომ არ მისულიყო ახლა ასე ცუდად არ იქნებოდა? ეს შემთხვევითობაა? ღმერთმა დასაჯა? რატომ? ღმერთი საერთოდ არსებობს?

ამ ბრაზის გაგება დამეხმარა იმაში, რომ ირაკლისთვის არ მომეთხოვა ჩემნაირი ოპტიმისტი იყავითქო. მე ბუნებით ასეთი ვარ, ყველა შანსს ბოლომდე ამოვწურავ და მერეც არ ჩავიქნევ ხელს, მერეც სასწაულის იმედი მაქვს. ირაკლი ასეთი არ არის, ის ფიცხია, ახლა გაბრაზებულია, თან აქვს გაბრაზების მიზეზი, ახლა მას ძალა გამოცლილი აქვს, ახლა მას ყველაფერი აღიზიანებს. ვცდილობ მის კანში ჩავძვრე, გავუგო, მისი თვალით დავინახო გარემო. ხან ფსიქოლოგის მოცემულ ლიტერატურას ვკითხულობ, ხან ინტერნეტიდან ამოქექილს. ვსწავლობ როგორ გადავიტანო საუბარი მძიმე თემებიდან ისე, რომ არ გაღიზიანდეს, როგორ გამოვიწვიო მასში პოზიტიური ემოცია, როგორ ვახსენო 'შემთხვევით' ელზა ექიმი, რომელიც თურმე ჩვენს ერთ ახლობელს დაეხმარა, როგორ არ გავაღიზიანო იმით, რომ ჩემს აზრს თავს ვახვევ. პარალელურად დავდივარ ელზასთან და ვუყვები მისი მდგომარეობის შესახებ. ელზა ამბობს, რომ აუცილებელია პაციენტი ნახოს, მანამდე ვერაფერს გააკეთებს, პარალელურად დიეტაზე ინფორმაციას მაწვდის. ირაკლის დედა ამზადებს უცხიმო და უმარილო კერძებს, ყველა ერთად გადავდივართ ახალ რაციონზე.

ერთ დღესაც ელზას კაბინეტში ვზივარ, როცა ირაკლის სმს მომდის - გადავწყვიტე იმ ელზა ექიმთან მივიდე, შენ რომ ახსენებდი, მისამართი რო დამიტოვეო. თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი იქიდან.

ახლა აქ მთელს ისტორიას ვერ მოვყვები...
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ. ამ ექვსი წლის განმავლობაში ჰეპატიტი C ჩვენი ოჯახის მდგმური გახდა.
ჩაგვისახლდა, ხან ჩვენ ორს შორის ჩადგება, ხან გგვგონია რომ სხვაგან წავიდა, მერე ბრუნდება, მერე ვეფერებით, მერე ვუბრაზდებით, მერე ვცდილობთ ისევ გავაგდოთ, მერე ვფიქრობთ რა კარგი იქნებოდა მის გარეშე, მერე ვხვდებით რომ ბევრი რამ დაგვანახა და გაგვააზრებინა. მოკლედ თითქოს ცოცხალი ადამიანია, რომელსაც ჯერ ვერ გაასახლებ, ვერ ერევი და თან უკვე ისე შეეჩვიე, რომ მის არსებობას გამართლებასაც კი უძებნი.

18 comments:

  1. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ქართულ–გერმანულ სამკურნალო–დიაგნოსტიკურ ცენტრში "თერაპიის სახლი" (გურამიშვილის გამზირი 72) C–ჰეპატიტის სამკურნალოდ შემოთავაზებულია ბერლინში შემუშავებული მკურნალობის სქემა, რომელიც მოიცავს ანტროფოსოფიული მედიცინის პრინციპებით დამზადებული ბუნებრივი მედიკამენტების კომპლექსურ კურსს.
    გირჩევთ მიაკითხოთ დაწესებულებას და თავად მოისმინოთ ექიმებისგან მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ.
    ჯანმრთელობას გისურვებთ! გქონდეთ უნარი შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა დაავადებისა და მკურნალბის პროცესის მიმართ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მკურნალობის კლასიკური სამედიცინო მეთოდები და არა სხვა რამ !!!

      Delete
  2. მოგესალმებით! ინსივო, იგივე ინსივიკი(ტელაპრევირი) არის მესამე თაობის ინჰიბიტორი...სერიოზული პრეპარატია ც ჰეპატიტის 1 გენოტიპით დაავადებულ პაციენტთათვის! ინტერფერონის ვაქცინა(კვირაში ერთხელ)+ რიბავერინი(ტაბლეტი)1000-1200მ/გ დღიური დოზა + ინსივიკი(ტაბლეტი),თერაპიის ამ სამმაგ კომბინაციას 90 პროცენტამდე აჰყავს ც ჰეპატიტის დამარცხების მანამდე არსებული 30-40 % იანი შანსები ც ვირუსის 1 გენოტიპით დაავადებულ პაციენტთათვის, მათ შორის შორს წასული ღვიძლის დაზიანების დროს...ასევე სხვა(2,3,4) გენოტიპების არსებობის დროსაც, თუკი მოხდა ვირუსის დაბრუნება მკურნალობის შემდეგ!
    ამავე დროს 1 გენოტიპის შემთხვევაში თერაპიის აქამდე არსებული 48 კვირიანი სტანდარტული კურსი, მაღალი 90%იანი ალბათობით ჩამოდის 24 კვირამდე(ინსივიკის კურსი 12 კვირაა) რაც ძალიან დიდი შეღავათია როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პაციენტისთვის(მედიკამენტების გვერდითი მოლენების გამო), ოღონდ არის ერთი წინაპირობა, რომ 4 კვირიანი მკურნალობის მერე "პსრ რაოდენობრივ" ტესტში ვირუსი აღარ უნდა დაფიქსირდეს!
    მე ექიმი არა ვარ, მაგრამ მომიწია ამ ვირუსთან შეხება და გარწმუნებთ უკვე მამაო ჩვენოსავით ვიცი :) გარდა ამისა მე დავეხმარე(ვცხოვრობ ა,შ.შ.) 3 ძალიან ახლობელ ადამიანს ინსივიკის შეძენაში(12 კვირიანი სრული კურსი ღირს 49 700 დოლარი...მე კი თითქმის მეხუთედ ფასში ვაყიდინე) და დღეს ისინი უკვე სრულიად ჯანმრთელები და ბედნიერები არიან!
    ჯანმრთელობას გისურვებთ! დარწმუნებული ვარ დაამარცხებთ ამ საშინელ ვირუსს! თერაპიის დროს აუვცილებელია თრომბოციტების, ლეიკოციტებისა და ჰემოგლობინის კონტროლი! მკურნალ ექიმს ეცოდინება::)

    პ.ს. თუკი ვინმე დაინტერესდება გადადით შემდეგ ლინკზე:
    http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=3347930

    ReplyDelete
    Replies
    1. rogor dagikavshirdet chems 23 wlis meugles aqvs c hepatitiii minda damexmarot

      Delete
  3. მე მამა მყავდა C ჰეპატიტით დაავადებული. ოჯახის წევრები დღემდე ვერ ვხვდებით საიდან დაემართა. თან ურთულესი გენოტიპი ქონდა, პარალელურად ამას დაემატა ძალიან ბევრი პირადი პრობლემა, ნერვიულობა, რამაც მეტად გაურთულა დაავადება. მუდმივად დიეტაზე იყო და ამით ინარჩუნებდა თავს.
    ამ ბლოგიდან ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ჩვენთვის რომ ვინმეს ეთქვა ამგვარი მკურნალობის მეთოდები, აუცილებლად მივმართავდით.

    ირაკლი, ნათია, ორივეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

    ReplyDelete
  4. ირაკლი, ნათია, თქვენ სასწაულის მოხდენას არ ცდილობთ. სწორი მკურნალობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თქვენგან იმდენი პოზიტივი მოდის, იმდენი სიკეთე... სიყვარულმა, ურთიერთპატივისცემამ, თანადგომამ ისეთი დიდი ძალა მოგცათ, ცხოვრების საოცარი ხალისი. გიყურებთ და მგონია თქვენზე ბედნიერი ადამიანები ამ ქვეყანაზე არარსებობენ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოგვიშვით და გვასწალით როგორ უნდა დავაფასოთ თუნდაც ჯანმრთელებმა ცხოვრების ყოველი დღე. თქვენს დიდ გულშემატკივრად მიგულეთ. ჯანმრთელობა მოგცეთ ღმერთმა და ფუფუნება ნებისმიერ დროს საყვარელი ადამიანის მოფერების და ჩახუტების.

    ReplyDelete
  5. MOGESALMEBIT AVSTRIIDAN GAMAMXNEVA TKVENMA Monakolma. mec igive problema makvs ris shesaxebac mshobiarobis shemdeg shevitkve. madloba gmert gadavrchi da bavshvs ar agmoachnda. gaud mkurnalobis dackebas ver vckvetav meshinia rom ver gaudlo, patara bavshvi saxlshi sapasuxismgeblo samsaxuri ar vici rogor movaxerxeb magram faktia unda davicko mkurnaloba.....

    ReplyDelete
  6. გამარჯობა შეიძლება ადაიმიანმა მოინდომოს მკურნალობის გავლა ევროპაში? თუ ვალდებულია საქართველოშ?არსებობს ეს პროგრამა პირადად მხატვრებისთვის?


    ReplyDelete
  7. სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია უფასო მკურნალობის შესახებ. ხშირად კლინიკურ ცდაში მონაწილეობის სანაცვლოდ პაციენტებს თავაზობენ უფასო მკურნალობას, მაგრამ ამისთვის ადამიანი იქ უნდა ცხოვრობდეს სადაც ცდა ტარდება.
    ევროპაში მკურნალობას დაზღვევა ფარავს, ან სახელმწიფო. მაგრამ ეს მხოლოდ მათთვის, ვინც ლეგალურად იმყოფება ევროპის ტერიტორიაზე, თანაც არა ტურისტული ვიზით, არამედ საცხოვრებლად ან სასწავლებლად.
    ჩვენი მიზანია დავიწყოთ ფართომასშტაბიანი კამპანია. სახელმწოფოს მოვთხოვოთ პირველ ეტაპზე უფასო და ხელმისაწვდომი გახადოს ანალიზი, რომ დადგინდეს რამდენ ადამიანს აქვს ეს ვირუსი. ექსპერტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად უფრო მაღალია, უბრალოდ ადამიანებმა არ იციან რომ ცე აქვთ.
    ამის შემდეგ უნდა მოვითხოვოთ მკურნალობის დაფინანსება იქ, სადაც ის გარდაუვალია. თუმცა ინფიცირებულთა ძალიან დიდი ნაწილს მკურნალობა არ დაჭირდება თუკი მათ დიეტა დაიცვეს. ყველაფერ ამისთვის აუცილებელია რომ ინფორმაცია მივიდეს ადამიანებამდე, მათ გავაგებინოთ რომ ანალიზი უნდა გაიკეთონ, თუ ცე აქვთ დიეტა დაიცვან და ასე აიცილონ გართულებები.
    მერე ერთად უნდა დავირაზმოთ, რომ ბიუჯეტიდან მოხდეს ანალიზის და გადაუდებელი მკურნალობის დაფინანსება. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

    ReplyDelete
  8. მოგესალმებით!
    თუ რატო იარეთ ამდეგი ჩემს კოლეგებთნ ნაცნობია სამწუხაროდ.ამასაც აქვს თავისი მიზეზი. მაგრამ მე გამაოცა იმან რომ ,არა თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქ,რომ არც ერთმა ექიმმა არ გითხრად ალტერნატიული მკურნალობის შესახებ.არატრადიციული მედიცინა რომელიც 5 ათასი წლისაა და კლასიკური -300 წლის,ჯერ არავის არ უარყვია.საქმე იმაშია რომ რაც დააზიანა ვირუსმა იმას არ აქვს საშველი კლასიკური მედიცინით რომელიც მარტო თავს კვეთავს დაავადებას,არატრადიციული კი ფუძიდან იწყებს აღმოფრქვევას .
    გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  9. garda imisa rom saqartveloshi eqimebis 90%is propesionalizmi zalian dabalia,amas kidev is emateba rom sanam arascori mkurnalobit mogigeben bolos iqamde psiqologiurad ganadgureben( saertod ar uprtxildebian pacientisa da misi axloblebis psiqologias)anu arc propesionalizmi aqvt da arc avadmkoptan elementaruli saubari ar ician.chemis azrit adamianis psiqologiurad martvas zalian didi mnihvneloba aqvs( adamiani uckinari avadmkopobitac sheizleba gaanadguro psiqologiurad da gaistumro am qveknidan) ase rom chvens eqimebs rogorc propesiuli aseve psiqologiuri momzadebac schirdebat.

    ReplyDelete
  10. daiana,iqneb gvitxrat tradiciuli etodis shesaxeb araperi msmenia, winaswar madloba

    ReplyDelete
  11. მოგესალმებით ყველას. ჩემს დას აქვს ც ჰეპატიტი, 1 გენოტიპი. 5 წელია რაც შემთხვევით შეიტყო ამის შესახებ, მიმდინარე სისხლის ანალიზის ჩაბარების შემდეგ. მას შემდეგ სულ აკონტროლებს ანალიზებს და ღვიძლის ფუნქციებიდან დაწყებული ფიბროსკანით დამთავრებული ყოველთვის ყველა მაჩვენებელი აბსოლიტურ ნორმაში აქვს. ექიმები გვირჩევენ რომ ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყება არ ღირსო ( რადგან ღვიძლი წესრიგშია და მაინც ინტერფერონი თვითონ, თავისი გვერდითი მოვლენებით ვერაგი პრეპარატია )მედიცინა წინ მიდის და 1-2 წელიწადში რაღაც ახალი უკეთესი პრეპარატი გამოვაო.
    თქვენი აზრიც მაინტერესებს, რას გვირჩევდით მოვიცადოთ თუ დავიწყოთ მკურნალობა?
    მადლობა.

    ReplyDelete
  12. მოგესალმებით, ჩემს მეუღლეს აქვს ც ჰეპატიტი უკვე ექვსი წელია,შემთხვევით გავიგეთ ექვსი წლის წინ ჩაბარებული ანალიზის საფუძველზე. ორსულობის დროს მეც ჩავაბარე ანალიზი ხუთი წლის წინ, მაგრამ არ აღმომაჩნდა. მას შემდეგ შიშით ვარ შეპყრობილი. გარეგნულად არაფერი აწუხებს.იმის საშუალება არ გვაქვს, რომ გენოტიპი დავადგინოთ და მით უმეტეს მკურნალობა დავიწყოთ, ერთადერთი რაც შეგვიძლია დიეტაა.ამასთან, მეშინია, მე ან ჩემს შვილებს არ გადაგვედოს.ანალიზის გაკეთებაც არ მინდა, იმის შიშით, რომ მეც აღმომაჩნდება და ამაზე ნერვიულობა და უუნარობის შეგრძნება უფრო მალე მომიღებს ბოლოს, ვიდრე თვითონ ვირუსი.იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ, რამდენად დაცულები არიან მეუღლეები მსგავს შემთხვევაში ვირუსისგან.წინასწარ გიხდით მადლობას.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ(ან მოგვიმართოს)თუ შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მხრიდან ინფიცირებულ ადამიანთა მკურნალობის გარკვეული ეტაპის დაფინანსება მაინც.ნამდვილად ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ მინიმალური შედეგი მაინც მივიღოთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა, ქვემოთ დავწერე მეც კომენტარი, ჩემს მეუღლესაც 7 წელია ჰეპატიტი აქვს. გეტყვით, რაც ექიმებმა თავად მითხრეს თქვენი კითხვის შესახებ. ც ჰეპატიტი სქესობრივი გზით ძალიან იშვიათად (თითქმის არ) გადაიცემა. უნდა მოერიდოთ მასთან სქესობრივ კონტაქტს, როცა სისხლდენის რისკის ქვეშ იმყოფებით და ზოგადად, მოერიდოთ მის სისხლთან უშუალო კონტაქტს. მკვეთრად იყოს გამოყოფილი და გამიჯნული მისი აბაზანის ნივთები: საპარსი, კბილის ჯაგრისი, რომ არ მოხდეს შემთხვევითი არევა. აი, მოკლედ ესაა ის მინიმალური პრევენციული ზომები, რაც უნდა დავიცვათ ოჯახის წევრებმა. მეტს თუ შევიტყობ, მეც გამიხარდება. გამოჯანმრთელებას გისურვებთ! ნატა

      Delete
  13. საწყის ეტაპზე პრევენციისათვის, იქნებ რაღაც კანონპროექტი შემუშავდეს, რომ ბავშვებს სკოლებში ასწავლიდნენ პრევენციულ ზომებს, როგორც ეს ევროპის და ამერიკის სკოლებში ხდება. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან როგორ აიცილონ თავიდან მსგავსი დაავადებები.ეს დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში - უცოდინარობა.თუ ადამიანს ექნება შესაბამისი ცოდნა გადადების წყაროების შესახებ, თამამად მოსთხოვს ექიმს, ანდა კოსმეტოლოგს(რახან ამას სახელმწიფო არ აკეთებს) სტერილიზაცია მის თვალწინ ჩატარდეს, რათა აიცილოს თავიდან საშიში ინფექციური დაავადებები.

    ReplyDelete
  14. გამარჯობა, ნათია და ირაკლი,
    ისე ძალიან ახლოს ვგრძნობ ყველა თქვენს მიერ გავლილ ტკივილს, მთელი სხეული და სული მტკივა...
    ჩემს მეუღლეს აქვს ჰეპატიტი B და C, ჯერ ერთი რა არის და ახლა ორივე ერთად... ნათია, რაც შენ გაიარე, მე სანამ გავყვებოდი ცოლად, მანამ გადავიტანე, დანიშნულები ვიყავით, ეს რომ გაიგო და მანაც სტომატოლოგთან "აიკიდა". მეც დავრბოდი ანალიზებით და მეც შეურაცხყოფილი და განადგურებული გამოვდიოდი ყველა კაბინეტიდან, როცა მეუბნებოდნენ ჩვენი "უგზო–უკვლოდ კორექტული" ექიმები, რომ მივყვები ნარკომანს, რომ შვილები ან არ მეყოლება, ან ავადმყოფები და მახინჯები... ღმერთო ჩემო, სადამდე მიდის მათი არაკორექტულობა გადარევას ვარ... აგერ უკვე 6 წელია ცოლ–ქმარი ვართ და დღე და ღამე ვნერვიულობ, მე კი უფრო იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იმდენად მიეჩვია გარემოსგან, მშობლებისგან (!), მეგობრებისგან მიწოდებულ ილუზიას, რომ ეს არაფერია, რომ ის სასმელიც ცოტა წამალია და რომ დიეტა და თავის მოკვლა რა საჭიროა, რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ და ღმერთი არ გაწირავს, ოჯახი ყავს ბოლო–ბოლო, სადამდე მიდის ხალხის უვიცობა ვგიჟდები... ის კი არა, ახლა მე ვარ ისტერიკაში და ყოველ დილა–საღამოს "SOS სიგნალი მაქვს ჩართული", მაგრამ აღარაფერი ჭრის, საერთოდ აღარაფერი...ჰგონია, რომ სულ ასე იქნება, ვირუსი არ გაუმრავლდება, რომ სასწაული მოხდება, რომ... რომ... რომ... არადა 2 შვილი გვყავს და გული მისკდება, რა გველოდება, მან რომ ასეთი მიდგომით მოიკლას თავი... მკურნალობის თანხა 0 და მხოლოდ ღვთის იმედი... მადლობა დიდი, რომ ამ გადაცემას ამზადებთ, მადლობა, რომ შუადღის ეთერში მოვუსმინეთ ირაკლის და ცოტა დაფიქრდა, მადლობა, რომ ეს ბლოგი შექმენით, მადლობა, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის დანარჩენი საზოგადოება... ყველაფერისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!!!!
    ნატა

    ReplyDelete
  15. dzalian gtxovt dagvexmaret visac es sashineli daavadeba gvchirs ,elementarulad gaaiapet wamlis pasi da rac mtavaria diagnozis gagebis pasi.ai exla minda vicode ra pormebshi mchirs daavadeba magram pinansebidan gamomdinare ver vitareb diagnostikas,gtxovt gaitvaliswinot chveni mdgomareoba torem aravin ar aris dazgveuli am daavadebisgan da gmertma dagiparot da tu tqvenc agmogachndebat es daavadeba mere mixvdebit tu ra cud dgeshi vimyopebit

    ReplyDelete