31/01/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: ცრუ განგაში და მეხანძრის სინდრომი




24-ში სამსახურში ნახევარი დღე ვიმუშავე, მერე გავეთავისუფლე და საავადმყოფოში გავვარდი. იქ “მეხანძრის სინდრომი” დამემართა, ცეცხლის ჩასაქრობად მომზადებული ობიექტზე მივქანდი და აღმოჩნდა, რომ ცრუ გამოძახება იყო. მკურნალობის დაწყება გაურკვეველი დროით გადაიდო!!! მთელი შეგნებით მზად ვიყავი ნემსის ეფექტისთვის და სულ არ გამიხარდა ექიმმა მოულოდნელად რომ გვითხრა კურსს დღეს ვერ დავიწყებთო. იქვე ახლოს რესტორანში შევედით, ირაკლი, ბედნიერი იმით რომ არაფერი ტკივა და კიდევ რამდენიმე კვირა არ ეტკინება, მე დაშოკილი იმისგან, რომ სხვა რამეს ველოდი და სხვა მოხდა. ირაკლის ეწყინა რომ მისი სიხარული ვერ გავიზიარე და ლამის ვიჩხუბეთ.

ირაკლის ნემსი არ გაუკეთეს! ექიმმა შეაფასა მისი მდგომარეობა და უთხრა, რომ ის არ არის სათანადოდ ძლიერი იმისთვის რომ მკურნალობა დაიწყოს. ამის მიზეზი მისი უძილობა და დეპრესია გახდა.

დეპრესია! ასე მგონია ამ სიტყვის წარმოთქმაც კი ეშინიათ საქართველოში, არადა ეს ისეთივე კონდიციია და ისევე ჭირდება მოვლა, როგორც მაგალითად კბილის ტკივილს.

ინტერფერონით მკურნალობის უმძიმემესი გვერდითი მოვლენა დეპრესია და უძილობაა. ამიტომაც ითვლება, რომ თუკი პაციენტმა ამ ორი პრობლემით დაიწყო კურსი, მისი მდგომარეობა შეიძლება კონტროლიდაგავიდეს. 

ახალი ტრიპალ თერაპია, რომელიც ირაკლიმ უნდა დაიწყოს, ხშირ შემთხვევაში ძლიერ დეპრესიას იწვევს. ეს გვერდითი მოვლენა ორპრეპარატიან მკურნალობასაც სდევს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მესამე კომპონენტი პაციენტებში დათრგუნულობის და სევდის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ ამჯერად დეპრესიის საფრთხეს უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

რამდენადაც ინტერფერონით მკურნალობა იმუნურ სისტემას აქვეითებს, აუცილებელია კურსის დაწყებამდე პაციენტი მაქსიმალურად მოძლიერებული და გაკაჟებული იყოს. როგორც ამბობენ, ღვიძლს “არ უყვარს" წონის არც მატება და არც კლება, სტაბილური წონა და ძლიერი ორგანიზმი მას საკუთარი ფუნქციის შესრულებას უადვილებს.  ამიტომაა ვარჯიში და სწორი კვება ასეთი მნიშვნელოვანი. ირაკლის სტაბილური წონა აქვს და ძლიერი ორგანიზმი, მაგრამ უძილობა პრობლემად რჩება.

2007-ში, წინა მკურნალობისას დეპრესია ისე მოერია, რომ ერთხელ თითქმის მთელი თვე არ ლაპარაკობდა სახლში. მუშაობდა, ხანნდახან სტუმრადაც დადიოდა, მაგრამ სახლში მოსული რაღაცას უსმენდა, კითხულობდა ან უყურებდა. უბრალოდ არ უნდოდა ურთიერთობა.

ჩემნაირი ენერგიული ადამიანისთვის ეს საკმაოდ მძიმე გადასატანი იყო. თავს ვერ ვანებებდი და ვთხოვდი მესაუბრე, მითხარი რა გაწუხებსთქო. ეს კი ყოველთვის  ჩხუბით მთავრდებოდა. ჩხუბს მერე გაბუტვა მოსდევნა. მისთვის ეს ძალიან კომფორტული და სასიამოვნო იყო, რამდენადაც საუბრის სურვილი ისედაც არ ჰქონდა. მაგრამ ჩემთვის უფრო ადვილია 40 გრადუსი სიცხე მქონდეს, ვიდრე სახლში მოვიდე და ოჯახის წევრებს არ ვესაუბრო.

2007-ში მკურნალობის დასრულების შემდეგ მისი ორგანიზმიც და ფსიქიკაც ნორმას დაუბრუნდა. თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ (მკურნალობის თარიღი რომ გადაწყდა) ირაკლიმ შფოთვა დაიწყო. ფორიაქი და შფოთი გურულებისთვის მგონი ქრონიკული კონდიციააJ  




სხვა შემთხვევაში იგივე ჩივილებით ექიმთან არც კი მივიდოდა. მაგრამ ძალიან გვინდა მკურნალობის დროს გართულებები  თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ირაკლიმ ექიმს მიაკითხა და ანტიდეპრესანტების მიღება დაიწყო.

სამწუხაროდ წამალმა ვერც ძილი მოუწესრიგა და ვერც შფოთი მოუხსნა. ამიტომ 24-ში ექიმმა უთხრა, რომ მისი მკურნალობის დაწყება მანამ გადაიდო, სანამ უფრო მშვიდ და გაწონასწორებულ კონდიციას არ მიაღწევს. მოკლედ ახლა ველოდებით როდის გადავა სხვა წამლებზე, როდის მოუწესრიგდება ძილი და მერე როდის დაიწყებს მკურნალობას.

ინტერფერონ თერაპიას იმდენად ძლიერი გვერდითი მოვლენები აქვს, რომ ზოგჯერ კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს სხვა დაავადება უნვითარდება. ყველაზე გავრცელებულია  ფსორიაზი, მაგრამ ყოფილა შიზოფრენიის შემთხვევებიც. სწორედ ამიტომ ექიმები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან პროცესის დაწყებას. გვითხრეს, რომ მხოლოდ ვირუსის ნოლზე დაყვანა არ არის სასურველი შედეგი. უნდა ვეცადოთ, რომ პაციენტი მკურნალობამ არ დაანგრიოს.

მკურნალობა ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგს მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება აქვს ნემსის ფონზე, ზოგი კი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ხდება (ამერიკაში ხშირად არის შემთხვევები როცა პაციენტს სპეციალურ კლინიკაში ათავსებენ suicide watch). არ მინდა ვინმე შევაშინო ჩემი სიტყვებით, ამიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ის, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი წამალზე, ხშირად განსხვავებულია. საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ ადამიანმა მკურნალობა ადვილად აიტანოს. თუმცა ინგლისელები ამბობენ, რომ ყოველთვის თავის დაზღვევა ჯობს Better safe than sorry. ამიტომ აუცილებელია  კურსისთვის კარგად მომზადება და შემდეგ კი პროცესის მონიტორინგი. (მომზადების ერთ-ერთი ასპექტი ინფორმაციის მიღებაა, ბლოგს სწორედ ამიტომ ვწერ და არა იმისთვის რომ ვინმე შევაშინო).

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, აქვს თუ არა პაციენტს მომზადების დრო, ან რამდენად საჩქაროა მკურნალობა. ამაზე მოგვიანებით დეტალურად დავწერ. ჩვენს შემთხვევაში ირაკლის ექიმმა გადაწყვიტა, რომ გარისკვა და დაჩქარება არ ღირს.

ჩემს მეხანძრის სინდრომს, რომ დავუბრუნდეთ. ექიმმა უარი თქვა დაანთოს კოცონი იქ, სადაც უმართავი ხანძრის გაჩენის საშიშროება არსებობს.

P.S.
ირაკლი თავს კარგად გრძნობს. აქამდე ანტიდეპრესანტის დალევა ავიწყდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა კალენდარში ჩაინიშნა და ყოველ დილას მაღვიძარა ახსენებს რომ წამალი აქვს დასალევი. ისე კალენდარს აქტიურად არ ხმარობს, აქ არ ჩანს რომ სამსახურშიც დადის და გართობაზეც არ ამბობს უარს. დრო ბევრი აქვს, რადგან ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ძინავს. იმედია თავის ბლოგს დროულად დაწერს. 



5 comments:

  1. ყოველ დღეს ვსტუმრობ ამ ბლოგს :) დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოინდომებს ადამიანი, ყველაფერს შეძლებს! წარმატებები :)

    ReplyDelete
  2. წარმოდგენა არ მქონდა, თუ წამლის დალევისას პაციენტი ასეთი სენსიტიური ხდებოდა :/
    ამ ბლოგიდან კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებ დაავადების შესახებ.
    გმადლობთ, რომ წერთ!

    ReplyDelete
  3. ძალიან გულშემატკივრობთ და ამიტომ ვადევნებ თვალს ტქვენს ბლოგს. მინდა გითხრათ რომ განმეორებითი მკურნალობის დრომ ინტერფერონისგან გამოწვეული გვერდითი მოვლენემი მინიმალურია ან საერტოდ არ არის ვინაიდან მარტივად რომ ვთქვა ორგანიზმი წინა მკურნალობის დრომ შეეგუა ამ მოვლენებს. სამაგიეროდ საყურადღებოა მესამე მედიკამენტი ანუ ტაბლეტი რომემლსაც სერიოზული და საყურადღებო გვერდითი მოვლენები ახასიათებს ძირითადად ანებიიის სახით. ასე რომ ინექციის კი არა ტაბლეტების გეშინოდეთ :):):)... ეს ხუმრობით. თვენი ასეთი განწყობა წარმატებული მკურნსლობის გარანტი უნდა იყოს.

    ReplyDelete
  4. მისაბაძები ხართ,მადლობა ასეთი გულახდილობისთვის. გამძლეობას მმატებს ამ ბლოგის კითხვა.

    ReplyDelete
  5. ira warmoshobit mec guruli var da ganvikurne.... gurulebi c-s koveltvis amarcxeben... daje 1b-s.... chemi megobari guruli ganikurna sharshan 1b hqonda

    ReplyDelete