05/02/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: თუ C ჰეპატიტი გაქვს, შენთვის დალევა თვითმკვლელობაა!

ჩემს მეგობარს  ოპერაციის შემდეგ სისხლის გადასხმა დასჭირდა.
ეს დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ მოხდაამ ამბიდან ხუთი წელში მას C ჰეპატიტი აღმოაჩნდა.

თავიდან ძალიან განვიცადეთ და შევშინდით, მაგრამ ექიმმა უთხრა: ქრონიკულშია გადასული და სანერვიულო არაფერიაო. ამ დიაგნოზის შემდეგაც ჩვენ ხშირად დავდიოდით ერთად ხინკლის საჭმელად. ხანდახან ხინკალს 100 გრამ არაყსაც ვაყოლებდით.
—  აკი დალევა  არ შეიძლებაო, - ვკითხე ერთხელ.
—  
ამდენი  შეიძლება! - თითი დაადო ჭიქას.

მაშინ ირაკლი ჯერ არ იყო ავად და C ჰეპატიტის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდი. როცა იკას ღვიძლის სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა, C-  შესახებ უამრავი რამ წავიკითხე და ბევრი ინფორმაცია მოვაგროვე.


ახლა მგონია, ჩემს მეგობარს სამართებელი გადავუსვი და ღვიძლი დავუსერე.

არ მიყვარს ზედმეტად ხატოვანი გამონათქვამები, მაგრამ რომ მახსენდება, როგორ ვსვამდით ერთად არაყს, 'სამართებლის' გარდა სხვა შედარება თავში არ მომდის.

სპირტის თითოეული წვეთი C ჰეპატიტით ისედაც დაზიანებულ ღვიძლზე თითქოს  შრამს აჩენს. ასეთი ნაიარევები კი მერე ღვიძლის ფუნქციონირებას ართულებს, - ასე ამიხსნა ბრიტანელმა ექიმმა და მე მისი მჯერა.  საქართველოში ბევრჯერ მსმენია: პაციენტისთვის ცოტა ალკოჰოლის დალევა  შეიძლებაო. ამ სიტყვებს ხან ცნობილ ქართველ პროფესორს მიაწერენ, ხან ფრანგ ექიმებს, რომლებიც თითქოს რაღაც ახალ კვლევებს ეყრდნობიან. მე კი ვისგანაც გამიგია და სადაც წამიკითხავს, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ C ჰეპატიტიანმა ადამიანმა ერთი წვეთიც კი არ უნდა დალიოს. ისეთი კულტურის ქვეყანაში კი, როგორიც ჩვენია, ამ წესის შესრულება საკმაოდ  რთულია.

2006
წელს ირაკლის დაავადება  მწვავე ანთების ფონზე გამოვლინდა. შემდეგ ანთება ჩაცხრა და C ჰეპატიტი დარჩა. როგორც კი სიცხეები დაუვარდა და თავი უკეთ იგრძნო, ბარგის ჩალაგება დავიწყეთ ლონდონში გასამგზავრებლად.  წასვლის წინ ექიმმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა  დიეტაზე, მაგრამ ირაკლიმ მოულოდნელად გამომიცხადა: 
—  
თვითმფრინავშივე შევუკვეთავ სასმელს და ეგრევე დავლევო. რა აზრი აქვს ეგეთ ცხოვრებას, როცა ყველაფერი გეკრძალება და წესიერი ჭამა-სმა არ შეიძლებაო.

—  
ბარემ პამპერსი გამიკეთეთ, ბარემ ცხოვრება ამიკრძალეთ, ბარემ მიწა მომაყარეთ! ხვალ კიდევ რის აკრძალვას უნდა ველოდო, რამდენი წლის ვარ, გავიწყდება? - ასე მეუბნებოდა.


მაშინ ძალიან ბევრი ვეხვეწე, ვეფერე, მერე დავემუქრესაერთოდ არ წამოვალ  შენთან ერთად-მეთქი. მერე ვიჩხუბეთმერე შევრიგდით, მაგრამ მაინც მიმეორებდა: ალკოჰოლზე უარს ვერ ვიტყვი, ცოტას დავლევ და ეგ იქნებაო. ინტერნეტსაიტებზე დეტალურად იყო აღწერილი, თუ რამდენად მავნეა სასმელი. მინდოდა მასაც წაეკითხა, მაგრამ მოსმენაც კი არ უნდოდა. (ახლაც ვერ ვხვდები,  რატომ იწყებდა დალევას თვითმფრინავში, მარტო საქართველოს ტერიტორიაზე იცავდა ექიმის მითითებებს?!)

მე საშინლად არარელიგიური და არაეკლესიური ადამიანი ვარ, მაგრამ იმ დღეს, როცა იმედი გადამეწურა, სწორედ ეკლესიაში წავედი. ირაკლის მოძღვრის ნახვა მინდოდა. მამა გიორგი ჩაჩავას დეტალურად მოვუყევი ირაკლის მდგომარეობა და ისიც ვუთხარი, რომ იკა თვითმფრინავში და მერე ბრიტანეთში დალევას აპირებს, რეისი 5 დღეშია და არ ვიცი, რა ვქნა-მეთქი. მამა გიორგიმ კარგად მომისმინა, მერე ნაცნობებთან გადარეკა, ჰეპატოლოგს გაესაუბრა და დააზუსტა, როგორ მოქმედებს ღვიძლზე სასმელი. მერე ირაკლის შეეხმიანა: წასვლის წინ ხომ უნდა მნახო და დამემშვიდობო, აბა, შენ იცი, გელოდებიო.

ჩვენი შეხვედრიდან ორ დღეში მამა გიორგიმ  ირაკლის კარგად გამოჰკითხათუ რა აწუხებდა, ექიმები რას ურჩევდნენ, თვითონ რამდენად აპირებდა მათი რჩევის მოსმენას და ასეთი რამ უთხრა: არანაირი განსხვავება არაა, ადამიანი ერთხელ გადახტება და ისე მოიკლავს თავს, თუ ნელ-ნელა მოისწრაფებს სიცოცხლეს. შენ თუ გჯერა, რომ თავის მოკვლა ცოდვაა, მაშინ შენს მდგომარეობაში ალკოჰოლის დალევაც ისეთივე ცოდვაა, როგორც შუბლში ტყვიის დახლაო.

ვერის სასაფლაოსთან, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში ჩემი და მამა გიორგის კონსპირაციული  შეხვედრის შესახებ ირაკლიმ  უკვე ლონდონში გაიგო და ძალიან ეწყინა. მეც არ მომეწონებოდა ასეთი საქციელი, მაგრამ იმ მომენტში სხვა გამოსავალი ვერ ვნახე.

შვიდი წელი გავიდა C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ და ირაკლის არც ერთხელ არ დაულევია ალკოჰოლიანი სასმელი. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა და ვირუსი არ გამქრალა, სწორი დიეტის გამო მისი დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს და ვირუსების რაოდენობა ნელა მატულობს. მისთვის დიეტა რომ გამეადვილებინა, თავიდან მეც არ ვსვამდი, მაგრამ მერე გერმანიაში წავედით და თვითონ მთხოვა, ჩემ მაგივრად დალიე ლუდიო.

მე რომ შემეძლოს, ყველა მოძღვარს ვთხოვდი, ჰეპატიტიან პაციენტებს ალკოჰოლისგან თავის შეკავება ურჩიონ და უალკოჰოლო დიეტის დაცვა მარხვაში ჩაუთვალონ. იმის გამო, რომ თავად ეკლესიაში არ დავდივარ, შეიძლება არ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მე სწორედ ასე ვხედავ ეკლესიის როლს. ჩემი აზრით, სასმელზე უარის თქმა საქართველოში იმდენად ძნელია, რომ არათუ მარხვა, ერთგვარი თავგანწირვაც კია.

საოცრად დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ ადამიანმა არ დალიოს, როცა მის გარშემო ყველა  სვამს და თვრებაამიტომ ვამბობ, ასე მგონია, მე ვუსერავდი ღვიძლს ჩემს მეგობარს-მეთქიმე რომ მაშინ არ დამელია, ისიც არ დალევდა, მე რომ მეთქვა: კი უხდება ხინკალს არაყი, მაგრამ არ გვინდა, მეც არ დავლევ-მეთქი, უბრალოდ არ დავლევდით და ეგ იქნებოდა.

2006-ში, როცა ირაკლის ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, პირველად გავაანალიზე, რომ ჭამისა და სმის ირგვლივ ტრიალებს მთელი ქართული კულტურა. მეგობრები სულ დასალევად ან საჭმელად გეპატიჟებიან. კვირაში ერთი საღამო შეიძლება წახვიდე კინოში ან თეატრში, მაგრამ მთელი დანარჩენი დროსახლი იქნება ეს, კაფე თუ რესტორანიყველგან სასმელ-საჭმელია შეკრების ცენტრალური ასპექტი. ადამიანი, ვინც მკაცრი სამედიცინო დიეტის დაცვას ცდილობს, ან უნდა შინ ჩაიკეტოს, ან მუდმივად ცდუნებას უნდა ებრძოლოს.

როცა ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაგისვეს და ნერვული სისტემა შერყეული გაქვს, მაშინ ნებისყოფის ვარჯიშის და მუდმივი ცდუნების დრო არ არის. ძნელია, როცა შენ ერთადერთი ხარ, ვინც თავს იკავებს, ვისთვისაც დალევა არ შეიძლება. ნებისყოფამ რომც არ გიღალატოს, ნერვები გიღალატებს - რამდენიმე ჭიქის მერე  ყველა შეჟუჟუნდება და ერთადერთი იქნები, ვინც ფხიზელი თვალით უყურებს ამდენი ხალხის ხორხოცს. მაგას ისევ სახლში გამოკეტვა ჯობია!

ქართველები ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ყველა ახლობლის საქმეა, ვისზე თხოვდები ან ვინ მოგყავს ცოლად, როდის და რატომ, რა ვადებში აჩენ ბავშვს, როგორ ზრდი, სად ცხოვრობ და სად მუშაობ. ყველა შენზე გიჟდება, ყველას უყვარხარ, ყველას შენთან უნდა და შენზე დარდობს. მაგრამ როცა შენ ჭიქის აწევა არ შეგიძლია, არავინ გეტყვის, მოდი, მაშინ მეც არ დავლევო. პირიქით, შეიძლება დაგაძალონ, ან: დიდი ამბავი, რა მოხდა ერთი ჭიქა, ცოტა ღვინო არაფერს გიზამსო, — გითხრან.

ჩემს მეორე მეგობარს მიძინებული C ჰეპატიტი აქვს, ვირუსების რაოდენობა დაბალია, ღვიძლის ფუნქციები ნორმაშია, მოკლედ ჯერ არაფერია საგანგაშო. ჰოდა, მამამისიგანსაკუთრებულ შემთხვევებშისთხოვს ხოლმე შვილს რამდენიმე ჭიქის დალევას. ასეთიგანსაკუთრებული შემთხვევებიაახალი წელი, აღდგომა, ნათლისღება და მარიამობა, ასევე ოჯახის წევრების დაბადების დღეები (C ჰეპატიტის მატარებელი ჩემი მეგობრის, მისი ცოლისა და შვილის, ასევე, დედის, მამის და ძმის დაბადების დღეები) და კიდევ როცა სახლში  სუფრა იშლება ახალმოსახლეობის, ოჯახის რომელიმე წევრის დაწინაურების, უცხოელი სტუმრის ან დიდი ხნის უნახავი ნათესავის ჩამოსვლის აღსანიშნავად. ყოველ ჯერზე მამა თავის ვაჟკაცს ეუბნება: უბრალოდ დაილოცე. ისიცუბრალოდ ილოცება“ — სვამს რამდენიმე ჭიქას, ოთხს ან ხუთს...

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ შეიძლება, მისმა ქრონიკულმა და მიძინებულმა ჰეპატიტმა სწორედ სასმელის გამო  გაიღვიძოს და ამის ძალიან მეშინია. მწვავეა დაავადება თუ ქრონიკული, პაციენტი მაინც პაციენტია, წესი წესია და აკრძალვა  აკრძალვაა. რამდენჯერმე კი გავაფრთხილე ჩემი მეგობარი, მაგრამსრულიად უშედეგოდ. ის, რომ ალკოჰოლი ავადმყოფისთვის არ შეიძლება, ვერ გაიგო მისმა ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა, ყველაზე საყვარელმა და ახლობელმა ადამიანმა, მამამისმა. შვილის ჰეპატიტს რომ თავი დავანებოთ, არა მგონია, 70 წლის მამის ღვიძლისთვისაც კარგი იყოს ამხელა დატვირთვა.  

ისევ მოძღვარ გიორგი ჩაჩავას მივუბრუნდეთ: ჩემგან განსხვავებით ის შეძლებდა ამ მამა-შვილისთვის რაიმე ისეთი ეთქვა, რითიც მათ აზროვნებას შეანჯღრევდა! ორივე ეკლესიაში დადის და ერთმანეთზე ლოცულობს.

უნდა მივიდე ერთხელ მამა გიორგისთან და ვთხოვო, ამათაც გააგებინოს, რომ დალევა თვითმკვლელობაა.