29/03/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: ითხოვე დახმარება, როცა გჭირდება


ამ ბლოგის წერისას ხშირად მიწევს შედარებების კეთება - მაშინ და ახლა, პირველი მკურნალობა და მეორე, საქართველოში და ინგლისში. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ აქ კარგია და იქ ცუდი. უბრალოდ მინდა მე თვითონ სხვადასხვა კუთხით დავინახო ერთი და იგივე პრობლემა და აღვწერო, რა გადამხდა თავს.




2006 წლის ზაფხული, თბილისი
ირაკლის C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ხან ძალიან აგრესიული და ბრაზიანია, ხან ძალიან დეპრესიული.

მანამდე არ ვიყავი ნამყოფი ფსიქოლოგთან. მაშინ ჩავთვალე, რომ დახმარება მჭირდებოდა და ნანა ჩაჩუასთან მივედი.
ჩავჯექი ღრმა სავარძელში.

ქალბატონმა ნანამ ფილმებში, რომ ხდება ხოლმე, სწორედ ისე მკითხა - რატომ ხართ აქ?
პასუხზე ბევრი არ მიფიქრია. მე ფსიქოლოგთან იმიტომ მივედი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს. მინდა დავეხმარო, მინდა გავუადვილო ეს მდგომარეობა, მინდა ჩემი ოპტიმიზმი გავუზიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ირაკლის ვთხოვე, ფსიქოლოგთან თვითონ ევლო, მაგრამ არ უნდა. ახლა გაბრაზებულია, ვერ იგებს, რა ჭირს, რატომ არის ავად. მინდა, რომ ნანა ჩაჩუამ მე მითხრას, ირაკლი რომ მისულიყო მასთან, რას ეტყოდა და როგორ დაეხმარებოდა.

ქალბატონ ნანას გაეღიმა, მეც ვიცოდი, რომ რამდენიმე სეანსში ფსიქოლოგი ვერ გავხდებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი თხოვნა. მისი დახმარებით გავიაზრე ირაკლის მდგომარეობა და დავფიქრდი, მე რა მენდომებოდა მის ადგილას. მე როგორ მინდა, რომ ასეთ შემთხვევაში მომექცნენ გარშემომყოფნი: როგორც პატარა სიცხიან ბავშვს, როგორც მომაკვდავ საცოდავ ავადმყოფს, თუ როგორც ადამიანს, რომელსაც ახლა უბრალოდ ცუდი ფაზა აქვს ცხოვრებაში.

სახლში მისული ვცდილობ ჩემი თავი მოვთოკო, უბრალოდ გულახდილი და თბილი ვიყო, მაგრამ მოჭარბებული ემოციების გარეშე. მერე ვხვდები, რომ მე თვითონ რაც უფრო ნაკლებად შეწუხებული ვარ, ირაკლიც უფრო მეტად მშვიდდება.

ფსიქოლოგთან მისვლით საკუთარ თავსაც დავეხმარე. მანამდე დათრგუნული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიბრაზდება ყოველთვის მე, ასე რატომ შეიცვალა, ყოველთვის ასეთი იქნება თუ არა, ყველაფერი რატომ აღიზიანებს.

ბევრ კითხვაზე პასუხი მაშინ ვიპოვე, როცა ნანა ჩაჩუამ მითხრა, რომ ერთია მოსიყვარულე ირაკლი თავისი ფიქრებით და განცდებით და მეორეა მისი დიაგნოზი, თავისი ბრაზით, აგრესიით და დეპრესიით. რომ ხანდახან მე მელაპარაკება არა ირაკლი, არამედ მისი დიაგნოზი!  ახლა, როცა ამას ვწერ, ვხვდები, რომ ამ აზრის მარტივად გადმოცემა შეუძლებელია. სასაცილოც კი გამოდის ჩემი სიტყვები. მაგრამ ალბათ გამიგებენ ის ადამიანები, ვისი  ოჯახის წევრიც მძიმე ავადმყოფობის გამო შეიცვალა, დაიღალა, გაბრაზდა და მერე ყველაზე ახლობელ ადამიანებს გაუბრაზდა.

ბევრი დაავადება მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები უშუალო კავშირშია განწყობასა და სამყაროს აღქმასთან. თუმცა ამ მხრივ ღვიძლი განსაკუთრებით სენსიტიურია. ამის ყველაფრის გააზრება იმედს გაძლევს, რომ ადამიანი, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, სამუდამოდ არ შეცვლილა, უბრალოდ ახლა მასთან ერთად არის მისი დიაგნოზი, რომელიც ამ მომენტში მის ბუნებაზე ძლიერია.

ნანა ჩაჩუამ მასწავლა “რეფრეიმინგი'”- ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პრომლემისთვის ჩარჩოს შეცვლა. მაგალითად, როდესაც ადამიანი გეუბნება “ამ ავადმყოფობამ დამღალაო’”, მას არ შეიძლება უმტკიცო, რომ ცუდად არ არის.

“რა ავადმყოფობა, რომელი ავადმყოფი შენ ხარ, ეს პატარა პრობლემაა და მალე გაივლის, იმან რა თქვას, ვისაც რაღაც მართლა სასიკვდილო ჭირს” - ასეთი პასუხი ტყუილზეა აგებული. იმის იგნორირებით, რასაც ადამიანი გრძნობს, საქმეს ვერ უშველი.
“რა დროს დაღლაა, არა უშავს, გაივლის, მოითმინე, ამბობენ, რომ ამ გვერდით მოვლენებს ყველა ეჩვევა და შენც შეეჩვევი” - ასეთი პასუხი გამაღიზიანებელია და თანაგრძნობას მოკლებული.
“დაღლილიც ისე მიყვარხარ, როგორც ენერგიული და ჯანმრთელი’”- ამ პასუხით პრობლემა პრობლემად რჩება. კი არ უარყოფ, პირიქით, უდასტურებ,  რომ ის დაიღალა და ავად არის. მაგრამ შენს პასუხში ცვლი ჩარჩოს, მოცემულობას, გარემოს, რომელშიც ეს პრობლემა არსებობს. ახალ ჩარჩოში კი ახალი, უფრო პოზიტიური აქცენტი (სიმართლე და არა ტყუილი) ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი განსაცდელი სხვა ჭრილში დაინახოს. ან არაფერიც არ დაინახოს, უბრალოდ ნაკლებად გამაღიზიანებელი პასუხი მიიღოს მის წუწუნზე.

მოკლედ, მორიგი სეანსის შემდეგ რომ მივედი სახლში, ირაკლის ეგრევე მომზადებული პასუხი შევაგებე:
  • - ლოგინიდან ადგომა მეზარება, სულ შენ გეძახი, ყოველ წუთში რაღაცის მოწოდება მჭირდება და შეგაწუხე, გაგიწყალე გული.
    სულ მე იმიტომ მეძახი, რომ იცი, არ ვწუხდები, როცა მოვდივარ და რაღაცას გაწვდი.

ქალბატონ ნანას დიდი მადლობა! ყველაფერი, რასაც მასთან განვიხილავდი, ირაკლის ეხებოდა, მაგრამ მე მიადვილებდა რეალობასთან გამკლავებას. მას მერე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე რეფრეიმინგზე და ამ ტექნიკას ხშირად წარმატებით ვიყენებ სახლშიც და სამსახურშიც.




2007 წელი ლონდონი
ბრიტანელმა ექიმებმა ირაკლის უთხრეს, რომ ინტერფერონით მკურნალობა უნდა დაეწყო. თარიღი დაინიშნა და გავიგე, რომ 10 უფასო სეანსი მეკუთვნოდა ფსიქოლოგთან.

მკურნალობა საოცრად დამთრგუნველია ოჯახის წევრებისთვის, ჯერ ერთი, ფიზიკურად მეტი შრომა გიწევს; ის, რასაც ორი ადამიანი აკეთებდა, ახლა მარტო შენი გასაკეთებელი ხდება, თან მასაც უნდა მოუარო, დიეტის დაცვაში ხელი შეუწყო, ამიტომ საქმე გემატება. ძალიან გთრგუნავს, როცა უყურებ, ის რა დღეშია, საღამოს და შაბათ-კვირას მას გართობის სურვილი არ აქვს, ამიტომ სახლიდან ნაკლებად გადიხარ, ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება შემომთავაზეს.
სიხარულით დავთანხმდი.

მივედი, ჩავეშვი ღრმა სავარძელში და კითხვაზე - რატომ ხართ აქ, ისევ იგივე პასუხი გავეცი. ჩემმა მეორე ნახევარმა მალე მკურნალობა უნდა დაიწყოს,  ვიცი, რომ მას შეიძლება დეპრესია განუვითარდეს, მინდა შევეშველ-მეთქი.

გაოცებისგან პირი ლამის დავაღე, როცა ფსიქოლოგმა უარის ნიშნად თავი გააქნია და მითხრა, რომ ირაკლისთვის დახმარების გაწევა მის კომპეტენციას ცილდება.
- თუ პაციენტი თვლის, რომ ფსიქოლოგი ჭირდება, თავად უნდა მოითხოვოს დახმარება. მე ვერ დავუშვებ, რომ ერთ ადამიანთან მქონდეს კავშირი და მეორის პრობლემებზე ვმუშაობდე. თუ გნებავთ, დარჩით და თქვენზე ვისაუბროთ, თუ არა, მიბრძანდით და მას ურჩიეთ, პროფესიონალს მიაკითხოს - ასე მითხრა და ჩემს პასუხს დაელოდა.  
პაუზა.
ამას არ ველოდი.
დავრჩი. 
ამდენი არასოდეს მილაპარაკია საკუთარ თავზე, ჩემს გრძნობებზე, განცდებზე, ემოციებზე, ბავშვობაზე, იმაზე, მე როგორი ვარ, მე რა მწყინს და მე რა მიხარია. 10 კვირის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვუღრმავდებოდი საკუთარ თავს. სეანსის დროს რამდენჯერმე ირაკლიც ვახსენე, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემზე საუბარმა მოიტანა. საბოლოო ჯამში, იმან, რაც საკუთარ თავზე გავიგე, ისე გამაძლიერა, რომ მას შემდეგ სახლშიც და სამსახურშიც უფრო თავდაჯერებულად ვახერხებ პრობლემებთან გამკლავებას. მას შემდეგ უფრო თამამად ვსაუბრობ პირველ პირში. მას შემდეგ უფრო უკეთ ვუსმენ ჩემს შინაგან ხმას და ვითვალისწინებ, მე რა მჭირდება, რა არის საჭირო, რომ ძალები აღვიდგინო, პოზიტიური და მხიარული ვიყო. ზუსტად ვიცი, რომ ოჯახის წევრებსაც ურჩევნიათ ასეთი ნათია.

ქართველი და ინგლისელი ფსიქოლოგის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებული იყო, თუმცა ორივემ თავისი საქმე გააკეთა. როგორც უკვე თავში ვთქვი, ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ახლა გადავწყვიტო, რომელი მიდგომა ჯობია. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ორივე შემთხვევაში ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა პროფესიონალის დახმარების გარეშე.  

მე  ვიცი, რომ ყოველთვის, როცა დახმარება დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს.
                                          მარიამ ქოჩიაშვილის ფოტოები

23/03/2013

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: პირველად იყო ნემსი


ერთი კვირის წინ დავიწყე მკურნალობის კურსი. ლონდონში, წმინდა მარიამის სახელობის კლინიკის მეათე სართულზე ღვიძლის განყოფილებაში  პირველი ნემსის გასაკეთებლად ერთად მივედით მე და ნათია. წინა მკურნალობის დასასრულს, 48-ე ნემსი რომ გავიკეთე რას წარმოვიდგენდი რომ კვლავ 
მომიწევდა აქ მოსვლა.

ნათიასათვის ჩემი მკურნალობა არანაკლებ რთული გადასატანი იქნება, თუმცა არ იმჩნევს და ყოველი ხელსაყრელი მომენტისას თვალს მიპაჭუნებს.

ინგლისში მკურნალობის დროს, პაციენტს  უშუალო კონტაქტი აქვს მედ დასთან და არა ექიმთან. ჩემმა ექთანმა პრეპარატების მუშაობის პრინციპის ახსნით დაიწყო: 

- მისტერ იმნა..შილი. (ჩემი გვარის წარმოთქმაზე ერთხელ ცალკე ბლოგს დავწერ).  მკურნალობის კურსი სპეციალურად შექმნილია მათთვის ვისაც აქვს C ჰეპატიტის  1B გენოტიპი. ის ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისიც პირველი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ანუ ეს კურსი თქვენნაირი პაციენტებისთვის შეიქმნა. 1B გენოტიპი  გამოირჩევა სტანდარტული ინტერფერონ თერაპიისადმი მდგრადობით. სწორედ ამიტომ, თქვენი პირველი მკურნალობა, რომელიც 48 კვირა გაგძელდა და თქვენთვის საკმაოდ რთული გადასატანი იყო, უშედეგო აღმოჩნდა. მკურნალობის ახალ კურსს ტრიპალ-თერაპია ჰქვია. სტანდარტულ 2 პრეპარატს: პეგილირებული ინტერფერონი (ნემსი)  და რიბავერინი (ტაბლეტები), დაემატა მესამე კომპონენტი ტელაპრევირი. მესამე კომპონენტმა  მკურნალობის კურსი უფრო რთულად გადასატანი გახადა. სამაგიეროდ წარმატების შანსი უფრო მაღალია - 65%დან 85%-მდე ავიდა განკურნების შანსი.
ეს ყველაფერი ათასჯერ მაქვს მოსმენილი, თავად ამ ექიმს პირადად ჩემთვის ხუთჯერ მაინც ექნება მოყოლილი, მაგრამ წესია ასეთი, კიდევ უნდა ამიხსნას.

- რაიმე შეკითხვა, ხომ არ გაქვთ მისტერ იმნა...

-  არა ყველაფერი გასაგებია.

- გვერდით მოვლენებზეც უნდა მოგახსენოთ. ინტერფერონის მიერ გამოწვეულ უმადობას, უძილობას, ანემიას, დეპრესიას, სახსრების მტვრევის განცდას, თმის ცვენას, ოფლიანობას, დაღლილობასა და ზოგ შემთხვევევში მაღალ სიცხეებს,  კანის სიმშრალე და ქავილი ემატება. 

- ერთი შეკითხვა მაქვს მისსის ჰარრისონ, ცნობილია სხეულის რომელი ნაწილიდან იწყება კანის სიმშრალის სიმპრომები? (პირველი მკურნალობისას იდაყვები დამისკდა და შემდეგ ფსორიაზი განმივითარდა).

-  დიახ მისტერ იმნა..შილი, უკანა ტანის ქავილით იწყება. ჩვენ მოგცემთ სპეციალურ მალამოს რომელიც დაბანვის შემდეგ უკანა ტანში უნდა შეიზილოთ.      

- ტრაკისკენ მიდის მთელი მკურნალობა. ნათიას ჩურჩულით ქართულად  ვუთხარი.

- ქავილი რთულ ფორმებს მიიღებს, მკურნალობის შეწყვეტა მოგვიწევს. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დროულად მივაქციოთ ყურადღება ამ საკითხს - ისევ არაკრაკებს თავის ტექსტს ჩემი ექთანი - როგორც იცით ინტერფერონის ნემსი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ნემსის შემდეგ შეიძლება სიცხემ აგიწიოთ. რიბავერინი მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ყოველ 12 საათში ერთხელ  3-3 აბი. მთავარი გვერდითი მოვლენა ანემიაა. თქომბოციტების რაოდენობის შემცირება იქნება ამ პრეპარატის მუშაობის ინდიკატორი. ორი აბი ტელაპრევინი უნდა მიიღოთ ყოველ 8 საათში ერთხელ. ანუ თუ პირველად დალევთ დილის 7-ზე, მეორეს მიღება მოგიწევთ დღის 3 საათზე და ბოლო ღამის 11-ზე.  აუცილებელია მის მიღებამდე მინიმუმ 20 გრამი ცხიმი მიიღოთ. თუ დილით ადრე ჭამა გიჭირთ ერთი ცალი სნიკერსი მიირთვით.
ნათიამ თავი აწია და წერა შეწყვიტა -  თუ ვერ შეჭამს დილით? - იკითხა.

- ვშიშობ მაგრამ უნდა ჭამოს. უპასუხა მისსის ჰარისონმა.

- და არ აჯობებს პირველი წამალი დილის 6 საათზე დალიოს? ლოგინშივე ერთ სნიკერს შეჭამს და ძილს შეიბრუნებს. ღამით 11-ის ნაცვლად 10-ზე მოუწევს ვახშამი, ეს კი არც ისე გვიანია.

- მთავარია ტელაპრევინი ყოველ 8 სათში ერთხელ მიიღოს და საათები  მისთვის როგორც უფრო კომფორტული იქნება ისე დაგეგმეთ დღე. ინტერფერონზე გადავიდეთ?
ნემსის ინსტრუქტაჟი შედარებით მოკლე იყო, 48ჯერ მაქვს უკვე გაკეთებული. ექთანმა პირველი ნემსი მომაწოდა, წესია ასეთი, ინტერფერონი თავად უნდა გაიკეთოს პაციენტმა. თვლა დავიწყე, რადგან პრეპარატი ნელა შედის კანქვეშ:  ten, nine eight, seven .....

პირველი კვირა - სიმპტომები

ნემსის გაკეთებიდან 8 საათის შემდეგ მომაკითხეს.
სიცხემ  და სახსრებში მტვრევის შეგრძნებამ წინა მკურნალობა გამახსენა. თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით უფრო მსუბუქ ფორმებში იყო, 2007-ში მთელი ღამე ვკანკალებდი. 

ახლა ტკივილის მოსასხნელად კოდეინიანი პარაციტამოლი დავლიე 2 აბი. მერე ნათიამ სიცხის დაგდების ხალხური მედიცინა გაიხსენა. ძმრიანი წინდები არა, მეორე მეთოდი. მე ძალიან მომეწონა.

მომდევნო 5 დღე საოცრად სუსტად ვიყავი. ყველაზე ძალიან დილით ჭამა გამიჭირდა. სნიკერსი მეორე დღესვე შემზიზღდა. თანაც სისუსტის გამო მისი დაღეჭვის თავიც არ მქონდა.


გუშინ მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. დილი 6-ზე  ჭამა მარეკინებდა. გულის რევის შეგრძნება მეწყებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ გამთენიისას 20 გრამი ცხიმი უნდა მიმეღო. დღეს გადავწყვიტე გასტრონომიული ფანტაზიორობა დამეწყო. მთელი დღე ვფიქრობდი რა მესიამოვნებოდა. საერთოდ ამოვაგდე თავიდან დილის 6 საათი. შეკითხა მარტივად დავაყენე: იკუშ, რა გაგისწორდება?  თემამ იმდენად გამიტაცა, რომ საკმაოდ გრძელი მენიუ წარმომიდგა თვალწინ.

ხინკალი ლიდერობდა! 6 საათზე ხინკლის გაჩითვა რთულია ლონდონში, მაგრამ ჩემი თავი დავაჯერე, რომ პილმენიც წავა.  

დღეში რამდენჯერმე წარმოვიდგინე ქაფქაფა პილმენები არაჟნით. მესამე გაფიქრებაზე ნერწყვი რომ მომადგა მივხვდი, რომ მეთოდმა გაამართლა. ახლაც რომ ვწერ ნერწყვი მადგება.

მოკლდ ჩემი თავი ისე შევამზადე, რომ ახლა ერთი სული მაქვს ბიგ-ბენი ექვსჯერ როდის ჩამოკრავს (ჩემი ფანჯრიდან მოჩანს და სანამ ლონდონს ძინავს ხმაც კარად ისმის).  დილიდან უნდა ჩავუფინო არაჟანმოსხმული ცხელი პილმენები.  

03/03/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: შენ გენაცვალე, შაქარი და მარილი

C ჰეპატიტის დიაგნოზთან ერთად იცვლება დიეტა და ცხოვრების წესი - ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა, შაქრის, მარილისა და ცხიმის შემცირება ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ C-ს მატარებელთათვის ეს სავალდებულოა.

 

სავალდებულო ადვილს სულაც არ ნიშნავს, ამიტომ, თუ ადამიანს ოჯახის წევრების მხარდაჭერა არ აქვს, ვერაფერს გააკეთებს.

ირაკლისთან ერთად, ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, უცხიმო და უმარილო საკვებზე გადავედით. თავიდან ყველაფერი უგემური გვეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, უკვე სტუმრად მისულებს, გვაღიზიანებს 'ზედმეტი' (სინამდვილეში უბრალოდ უხვად მოყრილი) მარილი.

სულ უმარილოც არ შეიძლება, ამიტომ მზადებისას კერძში ოდნავ ზღვის მარილს ყოველთვის ვამატებ. თუმცა ირაკლის ექიმებმა უთხრეს, no added salt - არავითარ შემთხვევაში მარილი არ მოაყაროო! ცხელ საკვებში დამატება ხომ საზიანოა, მაგრამ მაგას კიდევ აიტანს ორგანიზმი. თურმე სალათაზე ან ნებისმიერ ცივ კერძზე ზემოდან მოყრილი მარილის კრისტალები განსაკუთრებით მავნებელია ღვიძლისთვის.

ერთი რამ შევამჩნიე, სადილის დროს, როგორც კი ანამარია ან მე მარილს მოვიყრიდით, ირაკლიც ეგრევე იმავეს იმეორებდა (მაშინაც კი, თუკი მანამდე გემრიელად მიირთმევდა და კერძი უმარილო სულაც არ ეჩვენებოდა). ამიტომ გადავწყტიტე - სადილის დროს სამარილე მაგიდაზე არ უნდა იდოს!!!


როცა ადამიანი უკვე ხელს წევს სამარილისკენ და ენაზე ნერწყვი ადგება, როცა პირი ღია აქვს, რომ გემრიელი საკვები გადაყლაპოს, მისთვის უმარილო დიეტაზე და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ლაპარაკის დაწყება უბრალოდ დანაშაულია.

“კარგი რა, არ მოაყარო, შენთვის ვამბობ, ჩემთვის ხომ არა, იქ არ იყავი, ექიმმა რომ თქვა?!" - ამის თქმა დროის დაკარგვა და ნერვების ტყუილად მოშლაა. ამას მივხვდი და ეგრევე სამარილე გადავმალე, რომ ჭამის დროს ირაკლის თვალში არ მოხვედროდა ხოლმე. ამის მერე ხშირად არ ახსენდებოდა მარილი, მხოლოდ ძალიან იშვიათად თუ დაიწუწუნებდა ხოლმე. ერთხელ, აკლიაო, რომ თქვა, ჩემი ნებით წამოვდექი, რომ სამარილე მიმეწოდებინა, მაგრამ...ვერ ვიპოვე!

ისე საგულდაგულოდ მქონდა გადამალული, რომ მთელ სახლში უიმედოდ ვეძებდი. ირაკლიმ ჯერ არ დაიჯერა, რომ სამარილე “დამეკარგა”, მაგრამ მეორე დღეს საძინებელში, მაისურების თაროზე რომ აღმოაჩინა, მიხვდა, რომ მართლა ბებიაჩემივით მომივიდა, სტუმრებისთვის გადანახულ გრილიაჟს და დათუნია კამფეტებს რომ გვიმალავდა და მერე თვითონაც ვერ პოულობდა.

ახლა უკვე ყველანი მივეჩვიეთ თითქმის უმარილო კერძებს. თუმცა თავიდან ირაკლიზე მეტად ალბათ მე და ანამარიას უფრო გაგვიჭირდა. ჩვენ მარტო იმიტომ ვამბობდით მარილზე უარს, რომ ირაკლი არ გვეცდუნებინა, მაგრამ მერე ჩვენც შეგვეცვალა პირის გემო. ახლახან წავიკითხე, რომ თუ რვა კვირის განმავლობაში შეამცირე მარილი და შაქარი, მერე უკვე შემცირებულ დოზას ორგანიზმი ნორმად აღიქვამს და იმ რაოდენობით არის კმაყოფილი, რამდენსაც აწვდი.

C ჰეპატიტის და ბევრი სხვა დაავადების მატარებელთათვის მარილზე არანაკლებ მავნეა შაქარი. ჰოდა, სამარილის მერე ჩვენი სამზარეულოდან საშაქრეც გაქრა. თავიდან უშაქრო ჩაი საზიზღარი დასალევი მეჩვენა (სამ-ოთხ კოვზს ვიყავი შეჩვეული), მაგრამ ახლა ოდნავ დატკბილული ჩაი ან ყავა რომ შემომთავაზონ, ვერ დავლევ, უბრალოდ, არ მომწონს გემო.

ალკოჰოლის ამოღების შემდეგ ყველაზე მნიშნველოვანია მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცირება. ამას ვერც ერთი პაციენტი ვერ გააკეთებს ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე. თუმცა ეს დიეტა უგემური საჭმლის ჭამას სულაც არ ნიშნავს. თევზს ან სალათს ლიმნის წვენს მოაწურავ და უფრო სასიამოვნო გამოდის, ვიდრე მარილმოყრილი. ხორცს ოდნავ სოიოს სოუსს მოასხამ და საკმარისად ამლაშებს (გადაჭარბება აქაც არ შეიძლება). ხშირ შემთხვევაში მარილის მაგივრობა შეიძლება გახეხილმა ყველმა შეასრულოს. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი იტალიური პარმეჯანოა, მოაყრი საჭმელს და მავნე მარილის მაგივრად სასარგებლო კალციუმს მიიღებ. თუ პარმეჯანო ძვირია, გახეხილი შებოლილი ყველიც არ იქნება ურიგო. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანმა საერთოდ უმარილო ჭამოს და იმდენი ყველი მიიღოს, რომ მერე ღვიძლთან ერთად ქოლესტერინიც სადარდებელი გაუხდეს. მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის შეიძლება მავნე პროდუქტების შემცირება და მათი სხვადასხვა პროდუქტებით ჩანაცვლება: ერთ დღეს - ლიმონი, მეორე დღეს - სოიო (soya souse) და მესამე დღეს - ყველი.

მოკლედ, მარილის პრობლემა მოვაგვარეთ, ახლა შაქრის შესახებაც ვთქვათ. ჩაისთან ცოტა თაფლის მიღება რვა კვირის შემდეგ არა მარტო სასარგებლო, სასიამოვნოც კი ხდება. თუმცა ხაზგასმით ვამბობ ცოტას, რადგან ქართველები მოჭარბებულად ვხმარობთ თაფლს.
ეს ბლოგი თითქოს მარილისა და შაქარის შესახებ გამომივიდა, მაგრამ უფრო მეტი მინდა ვთქვა, ვიდრე დიეტის დაცვაა.

ირაკლიმ რომ ინტერფერონით მკურნალობის დაწყება გადაწყვიტა, მისმა დედამ და ბიძამ იმ დღეს დაანებეს თავი სიგარეტის მოწევას. ერთი შეხედვით, ანეგდოტური სიტუაციაა („როგორც ჩემი შვილი იტანჯება, ისე უნდა დავიტანჯო“). ისინი თბილისში არიან, ჩვენ — ლონდონში, თითქოს არანაირი აზრი არა აქვს ამ თავგანწირვას. მაგრამ სინამდვილეში ამით ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება:


'მე ვიცი, რომ შენ ახლა გიჭირს, მე ვიცი, რომ ეს კურსი ძნელი ასატანია. შენ ბევრჯერ გითხოვია, რომ მოწევა შემეწყვიტა და აქამდე მე ეს ვერ შევძელი, რადგან ნებისყოფა არ მეყო. ახლა ერთად გავაკეთოთ ეს. ვიცი, რომ მკურნალობა შენგან დიდ ძალასა და ნებისყოფას მოითხოვს. რომ შემეძლოს, შენს ტკივილს მე გავიზიარებდი. მართალია, ახლაც რეალურად ვერაფრით გეხმარები, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და შენ გვერდით ვარ, შენ გენაცვალე'.

ყველას, ვისი ოჯახის წევრიც C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან კარგად მესმის მათი მდგომარეობა. ვიცი, რომ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, ვიცი, რომ რჩევების მიცემა უმადური საქმეა. მაგრამ თუ ჩვენ გამოგვივიდა, თქვენც გამოგივათ:

შეამცირეთ თეთრი მკვლელების მიღება! ტკბილი და მარილიანი თქვენთვისაც მავნებელია! მთელი ოჯახი ერთად რომ გადაწყვეტთ, საშაქრე და სამარილე მაგიდაზე არ დადოთ, ყველანი რომ ერთდროულად დაიცავთ დიეტას და ყველა ერთად გაიჭირვებთ, ამით არა მარტო ფიზიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, არამედ შინაგანადაც უკეთ იგრძნობთ თავს.

უბრალოდ სცადეთ!