31/01/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: ცრუ განგაში და მეხანძრის სინდრომი




24-ში სამსახურში ნახევარი დღე ვიმუშავე, მერე გავეთავისუფლე და საავადმყოფოში გავვარდი. იქ “მეხანძრის სინდრომი” დამემართა, ცეცხლის ჩასაქრობად მომზადებული ობიექტზე მივქანდი და აღმოჩნდა, რომ ცრუ გამოძახება იყო. მკურნალობის დაწყება გაურკვეველი დროით გადაიდო!!! მთელი შეგნებით მზად ვიყავი ნემსის ეფექტისთვის და სულ არ გამიხარდა ექიმმა მოულოდნელად რომ გვითხრა კურსს დღეს ვერ დავიწყებთო. იქვე ახლოს რესტორანში შევედით, ირაკლი, ბედნიერი იმით რომ არაფერი ტკივა და კიდევ რამდენიმე კვირა არ ეტკინება, მე დაშოკილი იმისგან, რომ სხვა რამეს ველოდი და სხვა მოხდა. ირაკლის ეწყინა რომ მისი სიხარული ვერ გავიზიარე და ლამის ვიჩხუბეთ.

ირაკლის ნემსი არ გაუკეთეს! ექიმმა შეაფასა მისი მდგომარეობა და უთხრა, რომ ის არ არის სათანადოდ ძლიერი იმისთვის რომ მკურნალობა დაიწყოს. ამის მიზეზი მისი უძილობა და დეპრესია გახდა.

დეპრესია! ასე მგონია ამ სიტყვის წარმოთქმაც კი ეშინიათ საქართველოში, არადა ეს ისეთივე კონდიციია და ისევე ჭირდება მოვლა, როგორც მაგალითად კბილის ტკივილს.

ინტერფერონით მკურნალობის უმძიმემესი გვერდითი მოვლენა დეპრესია და უძილობაა. ამიტომაც ითვლება, რომ თუკი პაციენტმა ამ ორი პრობლემით დაიწყო კურსი, მისი მდგომარეობა შეიძლება კონტროლიდაგავიდეს. 

ახალი ტრიპალ თერაპია, რომელიც ირაკლიმ უნდა დაიწყოს, ხშირ შემთხვევაში ძლიერ დეპრესიას იწვევს. ეს გვერდითი მოვლენა ორპრეპარატიან მკურნალობასაც სდევს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მესამე კომპონენტი პაციენტებში დათრგუნულობის და სევდის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ ამჯერად დეპრესიის საფრთხეს უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

რამდენადაც ინტერფერონით მკურნალობა იმუნურ სისტემას აქვეითებს, აუცილებელია კურსის დაწყებამდე პაციენტი მაქსიმალურად მოძლიერებული და გაკაჟებული იყოს. როგორც ამბობენ, ღვიძლს “არ უყვარს" წონის არც მატება და არც კლება, სტაბილური წონა და ძლიერი ორგანიზმი მას საკუთარი ფუნქციის შესრულებას უადვილებს.  ამიტომაა ვარჯიში და სწორი კვება ასეთი მნიშვნელოვანი. ირაკლის სტაბილური წონა აქვს და ძლიერი ორგანიზმი, მაგრამ უძილობა პრობლემად რჩება.

2007-ში, წინა მკურნალობისას დეპრესია ისე მოერია, რომ ერთხელ თითქმის მთელი თვე არ ლაპარაკობდა სახლში. მუშაობდა, ხანნდახან სტუმრადაც დადიოდა, მაგრამ სახლში მოსული რაღაცას უსმენდა, კითხულობდა ან უყურებდა. უბრალოდ არ უნდოდა ურთიერთობა.

ჩემნაირი ენერგიული ადამიანისთვის ეს საკმაოდ მძიმე გადასატანი იყო. თავს ვერ ვანებებდი და ვთხოვდი მესაუბრე, მითხარი რა გაწუხებსთქო. ეს კი ყოველთვის  ჩხუბით მთავრდებოდა. ჩხუბს მერე გაბუტვა მოსდევნა. მისთვის ეს ძალიან კომფორტული და სასიამოვნო იყო, რამდენადაც საუბრის სურვილი ისედაც არ ჰქონდა. მაგრამ ჩემთვის უფრო ადვილია 40 გრადუსი სიცხე მქონდეს, ვიდრე სახლში მოვიდე და ოჯახის წევრებს არ ვესაუბრო.

2007-ში მკურნალობის დასრულების შემდეგ მისი ორგანიზმიც და ფსიქიკაც ნორმას დაუბრუნდა. თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ (მკურნალობის თარიღი რომ გადაწყდა) ირაკლიმ შფოთვა დაიწყო. ფორიაქი და შფოთი გურულებისთვის მგონი ქრონიკული კონდიციააJ  




სხვა შემთხვევაში იგივე ჩივილებით ექიმთან არც კი მივიდოდა. მაგრამ ძალიან გვინდა მკურნალობის დროს გართულებები  თავიდან ავიცილოთ, ამიტომ ირაკლიმ ექიმს მიაკითხა და ანტიდეპრესანტების მიღება დაიწყო.

სამწუხაროდ წამალმა ვერც ძილი მოუწესრიგა და ვერც შფოთი მოუხსნა. ამიტომ 24-ში ექიმმა უთხრა, რომ მისი მკურნალობის დაწყება მანამ გადაიდო, სანამ უფრო მშვიდ და გაწონასწორებულ კონდიციას არ მიაღწევს. მოკლედ ახლა ველოდებით როდის გადავა სხვა წამლებზე, როდის მოუწესრიგდება ძილი და მერე როდის დაიწყებს მკურნალობას.

ინტერფერონ თერაპიას იმდენად ძლიერი გვერდითი მოვლენები აქვს, რომ ზოგჯერ კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს სხვა დაავადება უნვითარდება. ყველაზე გავრცელებულია  ფსორიაზი, მაგრამ ყოფილა შიზოფრენიის შემთხვევებიც. სწორედ ამიტომ ექიმები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან პროცესის დაწყებას. გვითხრეს, რომ მხოლოდ ვირუსის ნოლზე დაყვანა არ არის სასურველი შედეგი. უნდა ვეცადოთ, რომ პაციენტი მკურნალობამ არ დაანგრიოს.

მკურნალობა ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგს მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება აქვს ნემსის ფონზე, ზოგი კი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ხდება (ამერიკაში ხშირად არის შემთხვევები როცა პაციენტს სპეციალურ კლინიკაში ათავსებენ suicide watch). არ მინდა ვინმე შევაშინო ჩემი სიტყვებით, ამიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ის, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი წამალზე, ხშირად განსხვავებულია. საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ ადამიანმა მკურნალობა ადვილად აიტანოს. თუმცა ინგლისელები ამბობენ, რომ ყოველთვის თავის დაზღვევა ჯობს Better safe than sorry. ამიტომ აუცილებელია  კურსისთვის კარგად მომზადება და შემდეგ კი პროცესის მონიტორინგი. (მომზადების ერთ-ერთი ასპექტი ინფორმაციის მიღებაა, ბლოგს სწორედ ამიტომ ვწერ და არა იმისთვის რომ ვინმე შევაშინო).

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, აქვს თუ არა პაციენტს მომზადების დრო, ან რამდენად საჩქაროა მკურნალობა. ამაზე მოგვიანებით დეტალურად დავწერ. ჩვენს შემთხვევაში ირაკლის ექიმმა გადაწყვიტა, რომ გარისკვა და დაჩქარება არ ღირს.

ჩემს მეხანძრის სინდრომს, რომ დავუბრუნდეთ. ექიმმა უარი თქვა დაანთოს კოცონი იქ, სადაც უმართავი ხანძრის გაჩენის საშიშროება არსებობს.

P.S.
ირაკლი თავს კარგად გრძნობს. აქამდე ანტიდეპრესანტის დალევა ავიწყდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა კალენდარში ჩაინიშნა და ყოველ დილას მაღვიძარა ახსენებს რომ წამალი აქვს დასალევი. ისე კალენდარს აქტიურად არ ხმარობს, აქ არ ჩანს რომ სამსახურშიც დადის და გართობაზეც არ ამბობს უარს. დრო ბევრი აქვს, რადგან ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ძინავს. იმედია თავის ბლოგს დროულად დაწერს. 



24/01/2013

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: რა სარგებლობა მოაქვს C ჰეპატიტს?!


 C ჰეპატიტს ერთი კარგი თვისება აქვს - სულ რეჟიმში უნდა იყო.

დაავადების პროგრესი მაქსიმალურად რომ შენელდეს, ამისათვის აუცილებელია რეჟიმის დაცვა და დიეტა. ისე, ერთიც და მეორეც არც ჯანმრთელ ადამიანს აწყენს.

მაგალითად, ჰეპატიტის გამო დავიწყე ვარჯიში. რეზულტატები შთამბეჭდავი იყო: შარშან 10 საათში გავიარე 200-კილომეტრიანი ველომარათონი ლონდონიდან ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპირომდე. 800 ველოსიპედისტთან ერთად საღამოს ლონდონიდან გავედით და დილით ლამანშს მივადექით.  

ზაფხულში, თბილისში ჩამოსული, ჩემს ჯანმრთელ მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე სარბენად ავედი. ისინი მეორე წრეზე აქოშინდნენ, მესამეზე – სკამზე ჩამოსხდნენ და ლუდი „დაკლეს“. მე იმ დღეს აუცილებელი 5 კილომეტრი ვირბინე და შემდეგ მათთან ერთად სამი კილომეტრი ფეხით გავიარე. 

კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა ძალიან არ უყვარს ჰეპატიტს –როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა მწყობრშია, ეს დაავადების განვითარებას აფერხებს.  

თუმცა, მხოლოდ ვარჯიში, დიეტის გარეშე, შედეგს ვერ გამოიღებს. თანაც, ზედმეტი ფიზიკური აქტივობითაც არ უნდა გადაღალოთ ორგანიზმი. 

ვარჯიშზე და დიეტაზე მომდევნო ბლოგებში უფრო ვრცლად მოგიყვებით. ახლა მინდა, სამი რჩევა მოგცეთ:

პირველი რჩევა:  დაიცავით დიეტა, ანუ საერთოდ უარი თქვით ნებისმიერ ალკოჰოლზე!

არაფერი აჩქარებს დაავადების განვითარებას  ისე, როგორც ალკოჰოლი.  ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადება 7-8-ჯერ უფრო სწრაფად პროგრესირებს მათთან, ვინც იშვიათად მაინც ეტანება სპირტიან სასმელს. ალკოჰოლის რეგულარული მოხმარებისას კი სურათი უფრო მძიმდება.  მაგალითად, თუ ღვიძლს კიდევ 20 წელი აქვს რესურსი, ალკოჰოლის „დახმარებით“ ეს  ვადა 3 წლამდე  მცირდება.  

არაფერი აჩქარებს დაავადების განვითარებას  ისე, როგორც ალკოჰოლი.


ალკოჰოლის თემას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები, ვინაიდან საქართველოში  „ერთი არ უნდა დაილოცო“ და „ღვინო კი არა, წამალია“ საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მეორე რჩევა: დაიწყეთ ვარჯიში, მაგრამ არ გადაღალოთ ორგანიზმი!

სპორტსმენები ვარჯიშობენ, რათა ორგანიზმის რესურსების გამოყენებით რეზულტატს მიაღწიონ. ჩვენ პირიქით – რესურსები კი არ უნდა დავხარჯოთ, არამედ გავზარდოთ. ამიტომ ვარჯიშის შემდეგ, უნდა შეგვეძლოს თუნდაც კიდევ ნახევარი დისტანციის გარბენა.

თუ მანამდე არ მისდევდით აქტიურ სპორტს, დაიწყეთ უბრალო სიარულით. ეს ყველაზე მარტივია, არ საჭიროებს სპეციალურ სპორტულ ინვენტარს. მთავარია, იყოთ რეჟიმში, ანუ, თუნდაც კვირაში ერთხელ იაროთ, სულ მცირე, 3 კილომეტრი. შეისვენეთ, თუ დაიღალეთ. გახსოვდეთ, რომ არ უნდა გადატვირთოთ ორგანიზმი! 


მესამე რჩევა: შეემოწმეთ ჰეპატიტზე. ადრეულ სტადიაზე   აღმოჩენილი ჰეპატიტი უფრო მარტივი მოსავლელია!

ერთ რამეში არ გამიმართლა. როდესაც შევიტყვე ჩემი დიაგნოზის შესახებ, ღვიძლი იმდენად  იყო დაზიანებული, რომ მისი მართვა მკურნალობის გარეშე ვერ მოხერხდა.

სწორედ ამიტომ ვუჩიჩინებ ყველას, გაიკეთონ C-ზე ანალიზი. 

მინდა, რომ სხვამ ჩემს მაგალითზე ადეკვატური დასკვნები გამოიტანოს და ჰეპატიტთან ბრძოლა დროზე დაიწყოს. ეს ბლოგიც სწორედ ამას ემსახურება.

დროულად აღმოჩენილი ჰეპატიტი საკმაოდ ადვილი მოსავლელია. მკურნალობა ყველასათვის არ არის საჭირო. თანაც, ახლა ახალი პრეპარატი იტესტება. მას გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენები ექნება და უფრო იაფიც ეღირება. 

ცხადია, ყველაფერს სჯობს, ჯანმრთელობასთან პრობლემები საერთოდ არ გქონდეთ. თუმცა, თუ C  აღმოგაჩნდათ, მერწმუნეთ,  ეს ნამდვილად არ არის ყველაზე ცუდი დიაგნოზი – ხომ გახსოვთ C ჰეპატიტს ერთი კარგი თვისება აქვს. თუ დაგავიწყდათ, წაიკითხეთ ეს ბლოგი თავიდან. 





21/01/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: მკურნალობის დაწყებამდე დარჩა


ნათია აბრამიას ბლოგი 

ირაკლის პირველი ნემსი 24 იანვარს უნდა გაუკეთდეს, ანუ მოსამზადებლად დრო ცოტაა. ვერ ვიტყვი, რომ მკურნალობის დაწყებას შიშით ველი, არ ვითვლი დღეებს, არ მაქვს დეპრესია ან პანიკა. ეს დღე მოვა, შევხედავთ, შევაფასებთ, ვნახავთ როგორია, გავიგებთ რას ითხოვს ჩვენგან და ვუპასუხებთ, როგორც საჭიროა. 

როცა 2007-ში ირაკლიმ მკურნალობა დაიწყო, ყველაზე რთული  
პირველი დღე იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან ეტკინა, ორგანიზმა ვერ გაიგო რა მოუვიდა. მთელი ღამე კანკალებდა, შვიდი საბანი დავაფარე და მაინც ვერ გათბა. ირაკლიც და მისი სხეულიც მოულოდნელობისგან გაოგნდნენ.

ახლა შედარებით უფრო მომზადებულები ვართ, ვიცით რა შეიძლება მოხდეს. ასე მგონია, რომ მისი სხეულიც ისე არ დაიშოკება ნემსისგან, როგორც მაშინ.

გუშინ ანა-მარიასთან ერთად წავედით პიცერიაში და დიდხანს ვისაუბრეთ ყველაფერზე. ბავშვი ცამეტი წლისაა, მაღალია და დიდ ადამიანს გავს, მაგრამ მაინც ბავშვია, თუმცა საკმაოდ ჭკვიანი.

 - რა სიმპტომები გაქვს? - საკმაოდ კომპეტენტური სახით დაუსვა ეს კითხვა ირაკლის.
ირაკლიმ აუხსნა, რომ ამ მომენტისთვის თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ სწორედ იმიტომაც არის C ჰეპატიტი ასეთი საშიში დაავადება, რომ ადამიანი წლების განმავლობაში შეიძლება იყოს ინფიცირებული და ვერ ხვდებოდეს, რომ  C აქვს. მაშინ, როცა სიმპტომები ჩნდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი უკვე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც აუცილებელია ყველა ადამიანმა სისხლის ანალიზით გამოიკვლიოს აქვს თუ არა ეს დაავადება.

ინფექცია  სისხლისმიერია, შესაბამისად დაავადება  საყოფაცხოვრებო გზით არ ვრცელდება და ოჯახის წევრისგან გადადების შემთხვევები  მცირეა. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ჩვენც ყოველ წელს გავდივართ შემოწმებას. ანა-მარია ამას საშინლად აპროტესტებს. ამბობს, ფობია მაქვს ნემსზე და წელს გამოვტოვოთ, არ მინდა ანალიზის აღებაო. მაგრამ გუშინ ვუთხარით, რომ მაინც მოუწევს.

ბრიტანეთში ბავშვებს სკოლაში ასწავლიან თუ როგორი პროცესები მიდის თინეიჯერის ორგანიზმში, რა ცვლილებებს უნდა ელოდეს, რომელი დაავადებებია გადამდები, როგორ უნდა დაიცვას თავი და ასე შემდეგ. ანა-მარიამ იცის, რომ C ჰეპატიტი შეიძლება დაემართოს ყველას, ვინც სილამაზის სალონში ან დენტისტთან დადის, ვისაც სისხლის გადასხმა ან ოპერაცია გაუკეთებია. ისიც იცის, რომ ირაკლისგან ჰეპატიტი არ გადაედება თუკი იკას საპარსს ან კბილის ჯაგრისს არ იხმარს. დიდხანს გვთხოვდა თავი დამანებეთ, არ მინდა ყოველ წელს ანალიზიო, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში ექთანთან ერთად უნდა მივიდეთ.

ჩემი მეგობრის შვილმა, 16 წლის ასაკში გამოგვიცხადა: რა მოხდა მამის საპარსით მარტო ერთხელ გავიპარსეო! ბავშვმა იცოდა, რომ მამას ჰეპატიტი აქვს, მაგრამ აბაზანაში საპარსი დაჭირდა და უცებ რაც დაინახა ის აიღო. ამიტომ მგონია, რომ სულ უნდა უმეორო ბავშვებს რა შეიძლება და რა არა. თან მაინც უნდა გადაამოწმო. 
გუშინ ანა-მარიას  ვუთხარით, რომ მკურნალობის  დროს ირაკლის შეიძლება ძლიერი ტკივილები ქონდეს და ამ დროს მისი დახმარება დაგვჭირდება. მოუწევს არ იხმაუროს, ანგარიში გაუწიოს და რითაც შეძლებს გაუადვილოს მდგომარეობა.

- კიდევ რა გვერდითი მოვლენები გექნება? (იკითხა ისევ კომპეტენტური სახით). 

  - აღზნებადობა და დეპრესია. წინა ჯერზე როგორ ვიყავი იმას თუ გავიხსენებთ,ძალიან მაღიზიანებდა ხმები და სუნი, განსაკუთრებით როცა ვიღაცა გვერდით მიზის და პირს აცკლაპუნებს, ან საჭმლის შემდეგ ხელი არ დაიბანა და თევზის სუნი აქვს...  ყველაფრის მიმართ საშინლად მგრძნობიარე ვხდები, - ეუბნება ირაკლი

    - შენ ხომ მაგაზე ისედაც გეშლება ხოლმე ნერვები. ოთახში რომ შემოვდივარ
     კარს    არ  ვხურავ და მერე შენ რომ მეჩხუბები, ახლა ეგეც მკურნალობას უნდა              დააბრალო?

   -  ისედაც რაზეც გსაყვედურობდი იმაზე კვლავ გისაყვედურებ, უბრალოდ     მკურნალობის დროს შეიძლება ვერ მოვზომო და არაადეკვატური ვიყო - უხსნის ირაკლი.

არაადეკვატურიკარგი სიტყვაა, მაგრამ ის არ გამოხატავს იმას, თუ როგორ ჩხუბობდა წინა მკურნალობისას იკა. ყველაფერი აღიზიანებდა, ყველაფერზე ნერვიულობდა! გაათმაგებული ენერგიით ბრაზობდა იმაზე, რაც მართლა გასაბრაზებელია და იმაზეც, რასაც მკურნალობამდე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ყოველი ნემსის შემდეგ 2-3 დღე საშინელი ტკივილები ქონდა და ამ დროს განსაკუთრებით ფეთქებადი იყო.

ერთხელ მეგობარმა  სასრიალოდ დაგვპატიჟა ავსტრიაში, ირაკლიმ თან წამოიღო ინტერფერონის ნემსი სპეციალურ კონტეინერში და იქ გაიკეთა ინექცია. ჩვენდა გასაოცრად არანაირი ტკივილი არ დაეწყო. არც ღამით და არც მეორე დილას არ ქონია სიცხე, ქავილი, ოფლიანობა, ძვლების და სახსრების მტვრევა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ყველა სხვა ჩვეული სიმპტომი.

 2008 წლის თებერვალი, ავსტრია. საბაგიროს ინციდენტამდე ერთი დღით ადრე.

ამიტომ დილით  ტრასაზე გავედით და ანა-მარიასთან ერთად საბაგიროზე მოვინდომეთ დაჯდომა. ანა-მარიას ჯოხი დაუვარდა, ასაღებად დაიხარა და სკამიდან გადმოვარდა. ეს იმდენად წამიერად მოხდა, რომ რეაგირებაც კი ვერ მოვახერხეთ და მის გარეშე დავიძარით. მერე დავინახეთ, “კანატჩიკმა” 7 წლის ბავშვი მარტო როგორ დასვა ჩვენს შემდეგ სკამზე. ის კაცი პატიოსნად ცდილობდა ანა-მარიასთვის ჩაეკეტა სკამი, რომ პატარა უსაფრთხოდ მჯდარიყო, მაგრამ ვერ მოასწრო ამის გაკეთება. 10 წუთის განმავლობაში ვუყურებდით ღია საბაგიროს სკამზე როგორ იჯდა მარტო 7 წლის მოუსვენარი ანა-მარია.
ეს იყო  კოშმარი!

ახლაც თვალწინ  მიდგას. ბავშვი გაუჩერებლად წრიალებს და ტრიალებს, ხან წინ გადმოიხრება, ხან რაღაცას დაგვიძახებს, ხან ცდილობს თვითონ ჩამოწიოს ფეხის დასადები, მთელი ძალით ექაჩება, ხან მარჯვენა მხარეს ხელის ჩასაჭიდს ეთამაშება, ხან მარცხენა მხარეს გადაცოცებას ლამობს!!!

მე უბრალოდ  თავი მოვატრიალე... მივხვდი, რომ ამის ყურებას აზრი არ აქვს, არ შეიძლება ახლა დაუძახო, გაჩერდი ნუ მოძრაობ! დიდი შანსია ვერ გაიგოს, დაიყვიროს - რა დედა? და ისე გადმოიხაროს  წინ და მართლა ჩამოვარდეს. ირაკლი ხმამამაღლა ლოცულობს და თან ჩურჩულით ეხვეწება, “ოღონდ ახლა ნუ მოძრაობ, ოღონდ ახლა გაჩერდი”.

რაღა ბევრი  გავაგრძელო, მთის წვერზე რომ  ავედით და ბავშვი სკამიდან გადმოვიყვანეთ ირაკლი იქვე თოვში ჩაიკეცა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. ტირილს ვინ ჩივის, იმის წარმოდგენაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო ისე ცუდად გახდა, რომ ერთდროულად ყველა სიმპტომი დაეწყო. რაც კი უკუჩვენება შეიძლება ქონოდა წამლისგან, ყველაფერი წამიერად მოერია.

მაშინ ანა-მარია იმდენად პატარა იყო, რომ  იმის ახსნაც კი არ დამიწყია თუ რას ნიშნავს ინტერფერონით მკურნალობა. ბავშვი მიხვდა, რომ რაღაც საშინელი შეიძლებოდა მომხდარიყო. საღამოს აკანკალებულ ირაკლის ეკითხებოდა, მე ხომ არაფერი მომივიდა და შენ რატომ იქცევი ისე, თითქოს ჩამოვვარდიო. მაგრამ მასთან საუბრს აზრი არ ქონდა. ის რაც საბაგიროზე გადავიტანე ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ მე ვინერვიულე, ავღელდი, მერე ძალა გამომეცალა და მერე დავმშვიდდი, როგორც ამას ჯანმრთელი ადამიანები აკეთბენ. ირაკლისთვის კი ეს ინცინდენტი ფსიქიურ და ფიზიკურ კოშმარად გადაიქცა. წამლის ფონზე მისთვის შეუძლებელი გახდა სტრესთან გამკლავება და რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოვიდა .

საქართველოში  ხშირად გამიგია, ინტერფერონით მკურნალობა თავიდან კი ძნელია, მაგრამ პაციენტები მერე ეგუებიანო. არადა მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან სინამდვილეში რას ნიშნავს ეს მკურნალობა და როგორი შეუძლებელია მასთან შეგუება.
 
ახლა ანა-მარია უკვე დიდი ადამიანია და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია პაციენტისთვის გარემო, ემოციური ბალანსი, მშვიდი ფონი და პოზიტიური განწყობა. ინტერფერონის თითოეული ნემსი ადამიანზე მიწისძვრასავით მოქმედებს, ანგრევს მას. თუ მის ირგვლივ ყველაფერი აჭრილი და არეულია, მას ძალიან გაუჭირდება სიტუაციასთან გამკლავება. თუ მის ირგვლივ მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია და გარემოც სტაბილურია, ყოველი მიწისძვრის შემდეგ ის ახერხებს ვიღაცას ან რაღაცას მოეჭიდოს, ძალა მოიკრიბოს, ბალანსი აღიდგინოს და ფეხზე წამოდგეს, რომ შემდეგი ნემსისთვის მოემზადოს.

რა თქმა უნდა, არც მისი მდგომარეობაა იოლი, ვისაც  პაციენტიეჭიდება”. ბრიტანეთში მკურნალობის დროს ოჯახის წევრს შეუძლია მოითხოვოს ანტიდეპრესანტები და ფსიქოლოგის დახმარება, ამას სახელმწიფო აფინანსებს, ისევე როგორც მკურნალობის სრულ კურსს, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა რა ანტიდეპრესანტი გიშველის, როცა უყურებ როგორ იკლაკნება ტკივილისგან შენი საყვარელი ადამიანი?!

ისე თავიდან კი დავწერე მზად ვარ პირველი ნემსის და ამ კურსის დაწყებისთვის მეთქი, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო. ახლა რომ შემეძლოს, ფირივით გადავახვევდი მომავალს და ხვალ პირდაპირ მკურნალობის დასრულების დილას გავიღვიძებდი. 

P.S.


სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რთულია მკურნალობა, მნიშვნელოვანია დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს, მაშინ როცა მასთან გამკლავება ამ დამანგრეველი კურსის გარეშეც შეიძლება. მე რომ შემეძლოს, სათითაოდ ყველა ადამიანს მივუახლოვდებოდი და ვეტყოდი: იმის დადგენა, გაქვს თუ არა C ჰეპატიტი მხოლოდ ანალიზით არის შესაძლებელი!!! თუკი C გაქვს და ამას დროზე გაიგებ, შეიძლება ეს საშინელი მკურნალობა თავიდან აიცილო!