05/08/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: ცოტაც დარჩა!

საავადმყოფოდან რომ მოვიდა და სტივენ ჯოუნსი დაგუგლა, პირველად მაშინ შეეშინდა! ოღონდ ჯოჯოხეთური ფხანა შეწყვეტილიყო, ირაკლი მზად იყო ექიმის ყველა მითითება შეესრულებინა. დილა-საღამოს მშვიდად ველაპარაკებოდი და სტერიოდებით ვუზილავდი მთელს ტანს. ვეცადე ძალიან ფრთხილად ამეხსნა, რომ საკუთარ სხეულს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს ხოლმე.
მომეჩვენა, რომ დამეთანხმა.

ძლიერი წამალი, დასვენება,  წყნარი გარემო და მომადუნებელი მასაჟები ძალიან მოუხდა. სამი დღის შემდეგ  ქავილი შეწყდა და ენერგია მოემატა.
ეგრევე გამოაცხადა დღეს ბევრი საქმე მაქვს და ღამე უნდა გავათენოო!!!
ერთდროულად საშინელი იმედგაცრუება, ბრაზი და წყენა მომერია... როგორღაც მოვახერხე კომენტარის გარეშე წავსულიყავი დასაძინებლად.

შემდეგი დღე, შუადღე:
        -  ირაკლი, ექიმმა ხომ თქვა, ბევრი წყალი მიიღოს, რომ ინტოქსიკაციას მოერიოსო.
            დალიე რა, გთხოვ.
       -   უკვე დავლიე.
       -   როგორ დალიე, ბოთლი ხელუხლებელი გიდევს დილიდან.
       -   ეს მეორეა, ერთი უკვე დავცალე და გადავაგდე...

‘როდის დაცალე? სად გადააგდე? არც ამდგარხარ მთელი დღე!!! რატომ მიცილებ თავიდდან, მე ხომ შენთვის ვლაპარაკობ’  - რა აზრი აქვს ახლა ამის თქმას?! ამიტომ ვჩუმდები და უბრალოდ გავდივარ ოთახიდან.


საღამო:
       -      ირაკლი, მე გავალ და გემრიელ საჭმელს მოვიტან. რა გესიამოვნება?
       -      შენ რაც გინდა ის მოიტანე.

ცოტახანში პროდუქტებით დატვირთული ვბრუნდები სახლში. ირაკლი კომპიუტერთან ზის და მუშაობს. ჰეპატიტით ინფიცირებულების დასახმარებლად ქართულ ენაზე hepatitis.ge-ს ვებგვერდის შექმნა თავიდან ჩემი იდეა იყო. მაგრამ ახლა უკვე ვნანობ, რომ ეს საქმე წამოიწყო. დღეში 12-14 საათი შესვენების გარეშე მუშაობს. უძილობა და დაღლილობა ისე ფიტავს მის ორგანიზმს, რომ უფრო და უფრო უჭირს ინტერფერონის გვერდით მოვლენებთან გამკლავება.
              -         იკა, მოდი საჭმელი მოვამზადე.
              -         მე არ მინდა, შენ სანამ გასული იყავი ვჭამე.

‘რა ჭამე? რატომ მატყუებ? მაშინ რატომ მითხარი პროდუქტები იყიდეო? რომ ვაკეთებდი ხომ მხედავდი და რატომ არაფერი თქვი?’ - ამის თქმასაც არ აქვს აზრი. ახლა პირი რომ გავაღო ცეცხლს გადმოვაფრქვევ!

‘გაჩუმდი, გაჩუმდი, სხვა ოთახში გადი, საერთოდ არაფერი თქვა’ - თავი ხელში ამყავს და ხმას არ ვიღებ. მაგრამ მერე მთელი საღამო რაღაც მემართება. ანამარია მოდის, მეკითხება, მოგვიანებით მასთან ერთად ვუყურებ თუ არა ფილმს. მაგრამ მე კრიჭა მაქვს შეკრული, თავის გაქნევით ვპასუხობ. ხმის ამოღება არ შემიძლია!

ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვი. მაინც ათენებს ღამეს და მაინც ბოლომდე ფიტავს თავის სხეულს. ‘ახლა ჩემი ბრაზით საქმეს ვერ ვუშველი. ზრდასრული ადამიანია, ჩემზე უკეთ იცის რა ჯობია მისთვის. ყველა ნაბიჯზე ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ’ - დღეში რამდენჯერმე ვუმეორებ ამ სიტყვებს ჩემს თავს.

ნელ-ნელა რაღაცნაირ დისტანცირებას ვახდენ იმ ყველაფრისგან რაც აქამდე ასე მანერვიულებდა: დამიძახებს - ვპასუხობ, წყალს მთხოვს - ვაწვდი, წამალი უნდა - მიმაქვს, საჭმელი უნდა - ვუმზადებ. მაგრამ მე თვითონ აღარ ვთხოვ რომ კარგად იკვებოს, ნაკლები იმუშაოს, მეტ ხანს იძინოს და საჭირო ოდენობით სითხე მიიღოს.
უკვე თავის შეკავებაც აღარ მჭირდება, უბრალოდ აღარ ვბრაზდები ირაკლიზე. ხანდახან სამსახურში მთელი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მახსენდება ირაკლი თავისი წამლებით, კვების და ძილის პრობლემებით.

ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ვეუბნებოდი გავიდეთ, აქვე კაფეში ლანჩზე დავჯდეთთქო. ყოველ ჯერზე მპასუხობდა შემეშვი, უკვე ვჭამე და არ მინდაო. (‘შემეშვი’-ს რომ ვიგებ მერე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში ხმის ამოღების სურვილი მიქრება). ერთხელაც ჩვენს საერთო მეგობართან ერთად ბერძნულ რესტორანში წავედი და იქ გამახსენდა, რომ ირაკლის არც კი შევთავაზე ლანჩი!

‘იქნებ უნდოდა წამოსვლა’ - თავი დამნაშავედ ვიგრძენი - ‘მე შევთავაზებდი, ის ხელს ამიქნევდა, აგრესიულად ან უხეშად მეტყოდა რით ვერ დაიმახსოვრე, რომ არ მცალიაო... კარგი ვქენი, რომ არ ვუთხარი’ - მშვიდად შევუკვეთე გემრიელი სალათი.  

ერთ
საღამოს რვა საათზე ისე დავიძინე, არც კი განხსენებია რომ სტეროიდი ქონდა წასასმელი. ანა-მარიამ მეორე დღეს მითხრა, რომ სამედიცინო ხელთათმანები გაიკეთა და ირაკლის სხეული მან დაუზილა. ირაკლი მსაყვედურობს, ვახშამი არ დამიტოვე და ისე როგორ დაწექიო. 

         -      ‘გეთქვა თუ გშიოდა და გამოგიტანდი, გუშინწინ რომ დაგიდე და ზედ
                 არ შეხედე ამიტომ აღარ შემოგთავაზე’ - უემოციოდ ვეუბნები.
         -      გუშინწინ არ მშიოდა.

‘თავი მოგეტრიალებინა, ის მაინც გენახა თეფშზე რა იდო! ან როგორ არ გშიოდა, როცა მთელი დღე არ გიჭამია’ - მინდა ვთქვა, მაგრამ ისევ ხმას არ ვიღებ. ‘ან უნდა ვაკონტროლო მისი ჯანმრთელობა, ან უნდა ვიჩხუბო, როცა ჭამას აგვიანებს და ღამეს ათენებს, ან უნდა შევეშვა!’ ჩემს თავს კიდევ ერთხელ არჩევანის წინაშე ვაყენებ. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ჯობს შევეშვა ‘ჩხუბს მაინც აზრი არ აქვს. ალბათ შეუძლია და იმიტომ ათენებს ღამეს, ალბათ არ შია და ამიტომ არ მოდის ლანჩზე... თუ დავჭირდი, დამიძახებს. იცის, რომ არ დამეზარება მისი დახმარება... მაგრამ თუ არ მთხოვს, ესე იგი არ უნდა და მაინც არ გააკეთებს იმას, რაც საჭიროდ არ მიაჩნია. უნდა დაველოდო თვითონ როდის დამიძახებს. მანამდე ჯობია გავჩუმდე’ - ამაზე ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი... ლაპარაკი მაინც არ შემიძლია. ასე რომ სიჩუმე საუკეთესო გამოსავალია.

 ...

ინვისის პირველ რიცხვებში ღამით უცნაური სიზმარი დამესიზმრა,  ბღუჯა თმა გადავყლაპე და მახრჩობდა. შეგრძნება იმდენად რეალური იყო რომ გამეღვიძა! 
ეს სიზმარი მთელი დღე არ გამხსენებია, მაგრამ მეორე დღეს კვლავ მსგავსი კოშმარი ვნახე ძილში: თითქოს საჭმელში რამდენიმე ღერი თმა შემყვა და ყელზე დამადგა, კვლავ ხრიალით გავიღვიძე. შემდეგ ზედიზედ რამდენიმე ღამე ვიღვიძებდი და აბაზანისკენ გავრბოდი. თავიდან მეგონა მოვიწამლე. მერე დღის განმავლობაშიც დამეწყო საშინელი სპაზმური ხველა და გულისრევა.
ექიმმა ჯერ ანტიბიოტიკების შვიდდღიანი კურსი დამინიშნა, მერე ასთმის საწინააღმდეგო წამლები გამომიწერა, ბოლოს ანტიალერგიული პრეპარატების მიღება მირჩია... მაგრამ დღეში რამდენჯერმე კვლავ მეგონა, რომ ახლა ბოლოჯერ ვახველებ, უბრალოდ დავიხრჩობი და ამით დამთავრდება ყველაფერი.  სისხლის ანალიზმა და რენდგენმა არაერთხელ აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო. ამიტომ სარელაქსაციო აკვაპუნქტურა, ჩინური მასაჟი და ცხელი ქილები გამომიწერეს...
სიტუაცია ოდნავადაც არ შეიცვალა. ღამით ისევ ბუსუსები მესიზმრება, დღისით კი ყელში ბურთი მაწუხებს.

რამდენჯერმე სამსახურში პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ხორხიდან ხრიალის ხმა გაისმა... ბურთმა ყელი ისე დამიბლოკა, რომ სიტყვა ვერ დავძარი.
ახლაც, ოდნავ ხმას თუ ავუწიე, ეგრევე ყელი მტკივდება. რა თქმა უნდა გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი ნერვების ბრალია. ამიტომ ბოლო ხანებში ვცდილობ ყოველი სამი ემოციიდან ერთი მაინც იყოს პოზიტიური, რომ ამდენმა უარყოფითმა განცდამ არ დამახრჩოს. დადებითი ემოციის მიღების შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ხვალ ერთ მეგობართან მივდივარ სადილზე, ზეგ მეორეს ლანჩზე ვხვდები, კვირის ბოლოს ყველას ერთად პიკნიკი გვაქვს დაგეგმილი. გუშინ ზამთრის სათხილამურო კურორტებს ვეძებდით, რომ თებერვალში ისევ ჩვენს დიდი ლონდონურ ოჯახთან ერთად წავიდეთ სასრიალოდ.


ირაკლი ბრაზდება, მაგრამ უკვე ამაზეც აღარ ვღელავ. უბრალოდ აღარ შემიძლია მხოლოდ სამსახური, სახლი და სიჩუმე.

ჩემი მეგობრები ‘ნორმალურობის განცდას’ მიბრუნებენ.
მათთან ხმაურში მახსენდება როგორი იყო ჩემი ცხოვრება ინტერფერონამდე.
მათთან ვრწმუნდები, რომ ეს ნორმალური ცხოვრება არსად არ წასულა.

 ამ გზის ბოლოს ერთი მოსახვევი და იქ ისევ ის ნორმალური ტრასა იწყება.