30/11/2014

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: მესამე და ბოლო?




უკვე სამ თვეზე მეტია, ჩემი ელექტრონული ფოსტის draft-ებში (გასაგზავნად გამზადებულ წერილებში) შენახულია წერილი, რომელიც ამ წინადადებით იწყება:
Dear Lorna, hope this finds you well (ძვირფასო ლორნა, იმედია კარგად ხარ).
ლორნა ჩემი მკურნალი ექთანია, რომელსაც სისხლის ანალიზის შესამოწმებლად დღე უნდა შევუთანხმო. 
მარტივად აგიხსნით, რატომ ვითრევ ფეხს:

როდესაც პაციენტი ინტერფერონ მკურნალობას ამთავრებს, მთელი წლის მანძილზე  3-ჯერ იკეთებს ანალიზს და ამოწმებს, განიკურნა თუ არა.
2007-ში, პირველი ინტერფერონ მკურნალობის დასრულების შემდეგ პირველმა ორმა ანალიზმა აჩვენა, რომ განვიკურნე - ანუ სისხლში C  ჰეპატიტის ვირუსი არ აღმომაჩნდა. მესამე და ბოლო ანალიზის პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო - ვირუსების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე.  

ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო გამოცდილება, როგორც ვატყობ, შიშში გადამეზარდა და აგერ უკვე სამი თვეა, არ ვნიშნავ მესამე და საბოლოო ანალიზს.

შიში, სინამდვილეში, ემოციურია და სიცოცხლესთან დაკავშირებულ რაიმე რეალურ (ან თუნდაც თეორიულ) საფრთხეს არ ეფუძნება.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
მხოლოდ 2 ვარიანტია და ორივე ძალიან მოკლედ განვიხილოთ.
ვარიანტი პირველი:  ნეგატიური პასუხი (სასურველი შედეგი) სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი არ არის!
ეს იმას ნიშნავს, რომ განვიკურნე.  Cleared (გაიწმინდა) როგორც ინგლისელები ამბობენ.
ამ შემთქვევაში დიეტას მაინც დავიცავ, ვინაიდან ღვიძლი დაზიანებულია და სანამ თვითაღდგენას შეძლებს, დახმარება სჭირდება. შემწვარ-მოხრაკულს, მარილსა და ალკოჰოლს მოვერიდები, დღეში ორ ლიტრ წყალს დავლევ, კვირაში ორჯერ ვივარჯიშებ, სამსახურში ველოსიპედით  ვივლი და პერიოდული ანალიზებით დავაკვირდები, ნორმაშია თუ არა ღვიძლის ფუნქციები ALT, AST, GGT .



ვარიანტი მეორე: დადებითი პასუხი (არასასურველი შედეგი) იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ვირუსი აღმოჩნდება!

ანუ კიდევ ერთ მკურნალობას უშედეგოდ ჩაუვლია! 

არ არის კარგი ამბავი, მაგრამ!!!  2007 წელთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.  იმიტომ, რომ:

მაშინ - 2007-ში
ახლა - 2014-ში

მკურნალობის სხვა კურსი არ არსებობდა.
არსებობს მკურნალობის 3 ახალი და უფრო ეფექტიანი კურსი. თანაც ინტერფერონის გარეშე, რომლის გვერდითი მოვლენებიც ძალიან მძიმედ გადავიტანე.

არ ვიცოდი, როგორ მემართა დაავადება.
მაქვს ჰეპატიტთან ბრძოლის 7-წლიანი (საკმაოდ წარმატებული) გამოცდილება. ვიცი, როგორ შევანელო მისი პროგრესი მედიკამენტების გარეშე.
თუ საქართველოში დავბრუნდებოდი, მკურნალობა ძალიან ძვირი დაჯდებოდა, რის გამოც საქართველოში ცხოვრების ან მუშაობის საკითხს არც კი განვიხილავდი.
მკურნალობა საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.

ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები - ეს ყველაფერი თუ იცი, რა ჯანდაბის გეშინია?!
ვხსნი ელფოსტას და ვაწვები ღილაკს
SEND!