25/11/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: და ბოლოს!


ძალიან ბანალურად უნდა დავიწყო ეს ბლოგი და ვთქვა, რომ არც კი ვიცი
საიდან და რითი დავიწყო მოყოლა. 

მგონი ბოლოდან ჯობია: 

ირაკლიმ მკურნალობა დაასრულა, თუმცა საბოლოო პასუხი, განიკურნა თუ არა C 
ჰეპატიტისგან, ზამთრის ბოლომდე არ გვექნება. მკურნალობას რომ დაემორჩილა 
მისი ვირუსი ეს ვიცით, ღვიძლი რომ უკეთ მუშაობს ესეც გამოჩნდა... რამდენიმე 
თვეში ისიც დადგინდება, კიდევ არის თუ არა ‘ცე’-ს მატარებელი. 


განწყობა პოზიტიური აქვს! ამტკიცებს, რომ მზადაა ნებისმიერი შედეგისთვის. 
თუმცა მე კი ვიცი, რომ ამას უბრალოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად ამბობს. 
პირადად მე არ ვფიქრობ ამ თემაზე, ვცდილობ წინ არ გავიხედო, არაფერი 
ვიწინასწარმეტყველო და არც არაფრისთვის მოვემზადო. 

ალბათ ისიც უნდა ავხსნა რატომ შევწყვიტე ბლოგების წერა: 
მკურნალობის ბოლო ფაზაში იმდენი სირთულე იყო და ყველაფერი ისე აირია, რომ 
წერა კი არა, ფიქრიც კი მიჭირდა.


თანაც დავიბენი! ამ ბლოგს გამოცდილების გაზიარებისთვის ვწერდი და უცებ 
აღმოჩნდა რომ თავად არ ვიყავი საკმარისად მომზადებული სირთულეებისთვის.
ამიტომ ჩავთვალე, რომ გასაზიარებელი არაფერი მაქვს. იმ ადამიანების მრცხვენოდა,
ვინც ჩემგან ინფორმაციას, ახალ ბლოგს, პოზიტიურ ენერგიას, რჩევას ან უბრალოდ
მათთვის საინტერესო ამბავს ელის. მაგრამ რა მექნა, ვერ ვწერდი... ახლაც ვერ ვწერ.
 
მიხარია, რომ თბილისში, ჩვენს ბინაში, მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც C 
ჰეპატიტის მატარებლებს ეხმარება. 

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სპეციალურად დატრენინგებული ოპერატორები ყველა იმ ადამიანს უპასუხებენ, ვინც 2 904 400-ზე დარეკავს. 

ისინი ეტყვიან უფრო მეტს, ვიდრე მე შემიძლია ვუთხრა პაციენტებს ან 
მათი ოჯახის წევრებს.