11/04/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: მკურალობის მესამე კვირა

რამდენი რამ მინდა:

  •  მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის თავზე ექიმმა ირაკლის უთხრას, რომ განკურნების რეალური შანსი აქვს და რომ მხოლოდ მოკლე კურსის ჩატარება მოუწევს (ახლა არ ვიცით 24 კვირა უნდა იკეთოს ნემსი, თუ 48)

  • ანამარიამ ჩააბაროს თეატრალურ სკოლაში, მოახერხოს თავისი ნიჭის და სურვილების იქ რეალიზება და აღარ იწუწუნოს იმაზე, რომ კასტინგებზე არ დამყავს... ყოველდღე არ მითხრას სხვა ბავშვებს, ვისაც მსახიობობა უნდათ, დედები ეხმარებიანო;



  • დროულად გამოჯანმრთელდნენ ჩემი ოჯახის წევრები თბილისში და ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, როგორ გრძნობენ თავს. ასევე დროულად დავიწყო დეიდაჩემის 80 წლის იუბილეს ორგანიზება, რომ ყველაფრის კარგად მომზადება მოვასწრო;
  • სამხრეთიდან საცხოვრებლად გადავიდე ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და საღამოს სტუმრები გაუფრთხილებლად მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან სახლში;
  •  ცოტა გამოიდაროს ამ კუნძულზე, გავიხსენო როგორია მზე.

მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც სიჩუმე და გამოძინება მინდა!
მკურნალობის დაწყების შემდეგ ირაკლი მთელი ღამე შფოთავს!
ხან ცივა, ხან ცხელა!
ფაჯრის გაღებას ითხოვს - მეტი ჰაერი უნდა; მერე დახურვას მთხოვს - გაიყინა ოთახი!!!

კვირაში სამჯერ დილით ხუთ საათზე ჩემი მაღვიძარა რეკავს, მერე ტაქსი მაკითხავს და ბიბისის უზარმაზარ ნიუსრუმში მივყავარ. იქ რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე და დილის გამოშვების დაგეგმვა მოვასწრო. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში ვბრუნდები...ჩემს ყურადღებას ხან ანამარია ითხოვს, ხან - ირაკლი, ხან - ორივე ერთად.

ირაკლის საღამოობით ხანდახან კარგი ხასიათის შეტევები აქვს: მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ცდილობს, ხმამაღლა ლაპარაკობს, ანამარიას აცინებს, ეთამაშება, ისეთ ხმაზე ხარხარებენ, მეშინია მეზობლებმა არ გვიჩივლონ.
მერე უცებ უხასიათობა შემოუტევს, პატარა დეტალზე ღიზიანდება, ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს! (ახლა კი ნამდვილად დარეკავენ პოლიციაში, ყოველ ჯერზე ამას ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით გვიტანენ.)

მოკლედ მკურნალობა დაიწყო და ყველაფერი ყირაზე დადგა.

ირაკლი დილის ექვს საათზე თვითონ იმზადებს საუზმეს. მე ამ დროს ან სახლში არ ვარ, ან ლოგინიდან თავს ვერ ვწევ. თუმცა დღის განმავლობაში მისი 'კვების მენეჯერი' მე ვარ. ვამზადებ საჭმელებს, ვითვლი ცხიმის შემცველობას.          
          ლანჩი ორ საათზე უწევს!
          სადილი - ათზე!
          დროის გადაცილება არ შეიძლება!

მადა არ აქვს, მაგრამ დღეში სამჯერ, ტელაპრევირთან ერთად, მინიმუმ 20 გრამი ცხიმი უნდა მიიღოს. ვცდილობ ისეთი კერძები შევთავაზო, რომ ჭამა და წამლის მიღება დამთრგუნველი არ გახდეს. რომ ლუკმის გადაყლაპვა კი არ დააძალოს საკუთარ თავს, უბრალოდ საჭმელს რომ დაინახავს, გასინჯვა მოუნდეს.

უკვე რამდენი წელია ვცდილობთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უცხიმო დიეტა დავნერგოთ ოჯახში. რეცეპტების წიგნში ცხიმიანი კერძები არ მაქვს. ახლა უცებ ცოტა ძნელია მუდმივად იმაზე ფიქრი როგორ მოვამზადო მაქსიმალურად მსუყე საჭმელი. დღისით კალორიულ რეცეპტებს ვეძებ ინტერნეტში. გვიან საღამოს ირაკლისთან ერთად ვჭამ. გავსუქდი!!! და ზედმეტი წონა ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს:(  

თვითონ ირაკლის მზარეულობის სურვილი აღარ აქვს, არადა მანამდე კვირაში ორჯერ მაინც გვიმზადებდა გემრიელ ვახშამს. არ მომწონს, რომ სამზარეულოში მარტო დავრჩი, თუმცა იმედი მაქვს რომ ეს დროებითია. საჭმლის მზადების პროცესში ვცდილობ კერძის სუნი არ დადგეს, რომ გულის რევის შეგრძნება არ გაუძლიერდეს. ასევე ვცდილობ არ განვმეორდე, რომ კერძები არ მობეზრდეს. საჭმელი, რომელიც ერთ დღეს მოსწონს, მეორე დღეს საშინლად ეზიზღება.  უკვე ვეღარ ვიყენებ ერბოს, მაიონეზს... არ ვიცი ხვალ რას შეიძულებს.   

ამის მიუხედავად კვებაზე ნაკლებად ვდარდობ, ვიცი, რომ მოვახერხებთ რამეს,

მე უფრო მისი ხასიათი/უხასიათობა მადარდებს. ამ მხრივ უბრალოდ არ ცდილობს რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოს. ძალიან მღლის მისი მოჭარბებული მხიარულება, მერე გადამეტებული უხასიათობა, აგრესია და ღამის შფოთი.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ დავეხმარო, არ შემიძლია თვალი დავხუჭო ხოლმე მის  არაადეკვატურ ქმედებაზე.
ამიტომ როცა უსამართლოდ ჩხუბობს არ ვიპარები ოთახიდან და არ ვემუდარები დამშვიდდეს. უბრალოდ ვეუბნები, რომ არასწორად იქცევა და თავი უნდა მოთოკოს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანს თუკი გიჟივით ექცევი, უფრო უმწვავდება იმის შეგრძნება რომ ავად არის. თუ გაღიზიანებულია, მაინც იპოვის ჩხუბის მიზეზს!
ამიტომ მგონია, რომ უნდა გაუფრთხილდე, უნდა შეეცადო არ გააბრაზო, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაკარგო.
აზრი არ აქვს ფეხის წვერებზე სიარულს და ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებას. მან თვითონ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება ყვირილი დაიწყოს იმის გამო, რომ რაღაც ითხოვა ხუთი წამის დაგვიანებით მიაწოდეს.

მოკლედ, ყოველ მორიგ წამოყვირებაზე ვრეაგირებ ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში გავაკეთებდი. თუმცა მეორე დილით ჩემს თავს ვეუბნები რომ გუშინ ირაკლი კი არ ყვიროდა, მისი დიაგნოზი ავლენდა აგრესიას. ამიტომ დილაობით, როგორც კი დავინახავ, სასწრაფოდ რაიმე თბილ და მოსიყვარულეს ვეუბნები. ძალაუნებურად იმავე ტონში მპასუხობს... მერე აღარ ვარჩევთ ვინ იყო გუშინ მართალი და რამდენიმე საათით სიმშვიდე მყარდება.

მაგრამ მერე ისევ სრულიად მოულოდნელად პოულობს გაბრაზების მიზეზს, ისევ ბოლო ხმაზე ყვირის პატარა გაუგებრობის გამო.
ეს ყველაფერი ანტიდეპრესანტების ფონზე ხდება.

16 comments:

  1. გამიჯნო ადამიანი და მისი დიაგნოზი, როგორი რთულია, მაგრამ ალბათ ერთადერთი გამოსავალია რომ სწორადაც მიუდგე, ურთიერთობაც გადაარჩინო და შენც გადარჩე!

    შენი სიძლიერე ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს იმედს ნათია.

    ReplyDelete
  2. ნამდვილი სიყვარულით შექმნილი ოჯახი მაინც სხვანაირად ძლიერია. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ირაკლი ძალიან ბედნიერი ადამიანია :)

    ReplyDelete
  3. ძალიან მაგრები ხართ!!!!!

    ReplyDelete
  4. ვხვდები ნათია რა დღეშიც ხართ.იგივე გამოიარა ჩემმა მეუღლემაც! გარდა იმისა რომ ც ვირუსი ორგანიზმში ღვიძლგარეშე ცვლილებებსაც იწვევს, პირველ რიგში ნერვული სისტემა გამოყავს წყობიდან,ინტერფერონის მოქმედება ემატება და გარწმუნებ მაგ დროს საკუთარ თავს არ ეკუთვნი...თუმცა ძნელია ბოლომდე მიხვდე თუ საკუთარ თავზე არ გამოცადე(ღმერთმა დაგიფაროთ)...ჩემზე ერთი რამე ჭრიდა ხოლმე მაგ დროს..ყვირილს რომ ვიწყებდი მეუღლე იცინოდა, რაღაცნაირად სასაცილო მდგომარეობაში მაყენებდა და საოცარია მაგრამ მერე მეც მეცინებოდა..სამწუხაროა , რომ მხოლოდ თერაპიის ბოლო 2 თვეში მიაგნო ამ ხერხს...სცადეთ თქვენც :)
    ერთი კითხვა, რომელ ანტიდეპრესანტს იღებს?

    ReplyDelete
  5. Vimkurnale orjer Antwerpenshi, 2005shi da 2012shi (tavs ar gavuprtxildi da shemomibruna), Magrad damangria meore kursma. Exla vkurmnalob anemiaze, vitaminebis inekciebi, antibiotikebi, antidepresantebi... Zlivs davlaslaseb, ekimma es sazgauria imis rac ki gisiamovnebiao (gadaobs), aranairi dieta ar daminishnes, organizmi tviton gadackvets ra miigos da ra arao; martlac bevr rameze zizgi dameupla, goris xorcs nebismieri pormit dasanaxad ver vitandi, tkbileuls mivezale... Interperonis migebis meore tveze eqims vutxari, rom agar shemezlo da vckvetdi kurs, ar damaneba, visac "gaumartla" da meored imkurnala gamigebs. Ojaxma xeli shemicko, gadamatanina. Psikologs rac sheexeba, ar mgonia amartlebdes... Kursis dros andidepresantebze uari vtkvi, mtishavda, mere valerianis cvetebi "agmovachine" da gaamartla. Exla vigeb paroxetins da mgoni "shevjeqi". Gisurvebt JANMRTELOBAS!

    ReplyDelete
    Replies
    1. მოგესალმებით ანონიმუს..თქვენ ამბობთ რომ 2005 ში იმკურნალეთ, თავს არ გაუფრთხილდიდთ და ვირუსი შემოგიბრუნდათ! იქნებ ახსნათ რას ნიშნავს თავს არ გაუფრთხილდით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , რამდენ ხანში შემოგიბრუნდათ ვირუსი? გენოტიპი იგივე განისაზღვრა რაც პირველად?
      და კიდევ ერთი, თქვენ გამორიცხავთ არა ვირუსის მობრუნებას არამედ თავიდან დავირუსებას?
      დიდი მადლობა წინასწარ!

      Delete
    2. Gamarjoba Zaza. Vsvavdi luds da kidev ragaceebit vimxiarulebdi tavs, mokled damibrunda bichi, genotipi igive iko. Eqimma (sakmaod kvalipicirebulma da gamocdilma) amikrzala alkoholi, mxolod erti katxa ludis upleba momca kvirashi - shavecode albat.... Orshabats sisxlis mivakontroleb klinikashi, ekvsistvis tvis cin, terapiis bolos, kargi iko... Kaxa mkvia ; )

      Delete
    3. კახას გაუმარჯოს! რომელი გენოტიპი გაქვს, ალბად პირველი! მთავარი მაინც არ დაწერე;) რამდენ ხანში დაგიბრუნდა ვირუსი თერაპიის დასრულებიდან, ანუ ბოლო რიბავერინი რომ დალიე იმის მერე...ცოტა მეეჭვება ლუდის და მარიხუანას ბრალი იყოს ვირუსის დაბრუნება!
      ასაკსაც მნიშვნელობა აქვს და ღვიძლის დაზიანების ხარისხსაც!
      :)

      Delete
    4. Ori clis cin tanze gamomakara. Sisxli chavabare da virusi agmomachnda. Ase rom, rodis damibrunda ver davazusteb... Marixuanas ar vecevi. Luds rac sheexeba, gvizli kvelaze cudad "inelebs" (rogorc ekimma mitxra). Martali gitxra, mkurnalobastan zedapiruli damokidebuleba mkonda, mxolod shedegze vikavi orientirebuli - propesorma mogarcheno da mec bolomde mivende... Tips vicnob, ar svavs ar, ar eceva, cxovrebashi ar ukaipia, egona, janmrteli cesit vcxovrobo da c agmoachnda. Tviton ar icis rogor aikida. Imkurnala da garkveuli drois shemdeg kvlav daubrunda. Asec xdeba; )

      Delete
    5. ანონიმუს, თერაპიის დამთავრებიდან პსრ ტესტი რამდენ ხანში გაიკეთე? ანუ მაინტერესებს მყარ ვირუსულ პასუხს თუ მიაღწიე(მყარი ვირუსული პასუხია როცა მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის მერე სისხლში ვირუსი არ ფიქსირდება)

      Delete
  6. ამერიკაში (და ალბათ სხვა ქვეყებშიც) 2013 წლის ბოლოს ან 2014 წელს გამოდის ახალი მედიკამენტები რომლებიც შეცვლის ინტერფერონს, სახელმწიფო დაზღვევა დაფარავა მკურნალობის კურსს. ეს მედიკამენტები სრულად განკურნავს ვირუსს და იოლია გადასატანია, ასე რომ გილოცავთ და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!

    ReplyDelete
  7. მადლობა ზაზა,
    ვცადე სიცილი, ხან ჭრის, ხან - არა. ხანდახან უბრალოდ არ აქვს საუბრის სურვილი და არ შემოდის კონტაქტში, ან ჩხუბობს, ან ჩუმად არის:)
    ირაკლი ყოველდღე სვამს ციტალოპრამს. ახალი თაობის ანტიდეპრესანტია, არ აქვს გვერდითი მოვლენები. უბრალოდ დანებებისას საჭიროა ჯერ ორ დღეში ერთხელ დალევა, მერე სამ დღეში ერთხელ და ასე ნელნელა დოზის შემცირება. (ჯერ რამდენიმე თვე ეს არ მოხდება და კვლავ უნდა სვას ყოველდღიურად).
    საკმაოდ კარგი შედეგი აქვს ამ ანტიდეპრესანტს, მიუხედავად იმისა რომ შეტევები აქვს პერიოდულად,მაინც შედარება არ არის წინა მკურნალობასთან, როცა სრულიად არააადეკვატური იყო.
    Nათია

    ReplyDelete
  8. არაუშავს ნათია, ცოტაც უნდა გაუძლო :)
    მე პირადად ანტიდეპრესანტი უფრო ცუდად მხდიდა..მერე ერთმა მირჩია კორსიზი დალიე შეეშვი ანტიდეპრესანტსო და გამოვაგზავნინე საქართველოდან! ძალიან მიშველა!
    ექიმმა რა თქვა პსრ ის მერე, 6 თვიანზე ჩამოვიდა თუ ერთწლიანზე მიდის ისევ?
    მე მაინც ვფიქრობ , მართალია სულ რაღაც 15 ერთეული ვირუსი დაფიქსირდა, მაგრამ ექიმი მაინც 1 წლიანს ურჩევს....მთავარია ინსივიკი სრულად მიიღოს, მთელი 12 კვირა და არ ჩააგდოს(არ დაავიწყდეს)
    აბა წარმატებები!

    ReplyDelete
  9. გამარჯობა :) ჩემს მეუღლეს 4 წლის წინ აღმოაჩნდა c. მეორე გენოტიპი აქვს რაზეც ექიმმა გვითხრა ყველაზე დასამორჩილებელი ც აქვს და ესაჭიროება 6 თვიანი მკურნალობაო. მაგრამ ჯერ ვერ ვმკურნალობთ იმედი მაქვს მალე დავიწყებთ.უბრალოდ მეშინია უარესი არ ვქნათ და არ დაუნგრიოს ორგანიზმი ინტერფერონმა. რას მირჩევთ? ზოგი მეუბნება პირველი კვირა ექნება ცვლილებები და შემდეგ შეეგუება ორგანიზმი და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებასო, მაგრამ აქ რასაც ვკითხულობ ცოტა არ იყოს შემეშინდა :(

    ReplyDelete
    Replies
    1. მართალია, მე 2 და მე 3 გენოტიპები შედარებით ადვილი დასამარცხებელია და 24 კვირიანი მკურნალობა ჭირდება...აუცილებლად უნდა იმკურნალოს!!! ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რაც უფრო მეტია ღვიძლის დაზიანება, მით უფრო მეტია გვერდითი მოვლენები..ასე რომ რაც მალე იმკურნალებთ მით უკეთესი...ისე მე თუ მკითხავთ დიდი არაფერი გვერდითი მოვლენები, ყველაფერი მართვადია..უბრალოდ უნდა აკონტროლოთ ლეიკოციტები და ტრომბოციტები არ დავარდეს ძალიან

      Delete
  10. დიდი მადლობა რჩევისთვის.აუცილებლად გავითვალისცინებთ. თქვენი მიმოწერები ძალიან დამეხმარა ბევრი რამის გააზრებაში.

    ReplyDelete