30/11/2014

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: მესამე და ბოლო?




უკვე სამ თვეზე მეტია, ჩემი ელექტრონული ფოსტის draft-ებში (გასაგზავნად გამზადებულ წერილებში) შენახულია წერილი, რომელიც ამ წინადადებით იწყება:
Dear Lorna, hope this finds you well (ძვირფასო ლორნა, იმედია კარგად ხარ).
ლორნა ჩემი მკურნალი ექთანია, რომელსაც სისხლის ანალიზის შესამოწმებლად დღე უნდა შევუთანხმო. 
მარტივად აგიხსნით, რატომ ვითრევ ფეხს:

როდესაც პაციენტი ინტერფერონ მკურნალობას ამთავრებს, მთელი წლის მანძილზე  3-ჯერ იკეთებს ანალიზს და ამოწმებს, განიკურნა თუ არა.
2007-ში, პირველი ინტერფერონ მკურნალობის დასრულების შემდეგ პირველმა ორმა ანალიზმა აჩვენა, რომ განვიკურნე - ანუ სისხლში C  ჰეპატიტის ვირუსი არ აღმომაჩნდა. მესამე და ბოლო ანალიზის პასუხი ძალიან მოულოდნელი იყო - ვირუსების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე.  

ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო გამოცდილება, როგორც ვატყობ, შიშში გადამეზარდა და აგერ უკვე სამი თვეა, არ ვნიშნავ მესამე და საბოლოო ანალიზს.

შიში, სინამდვილეში, ემოციურია და სიცოცხლესთან დაკავშირებულ რაიმე რეალურ (ან თუნდაც თეორიულ) საფრთხეს არ ეფუძნება.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
მხოლოდ 2 ვარიანტია და ორივე ძალიან მოკლედ განვიხილოთ.
ვარიანტი პირველი:  ნეგატიური პასუხი (სასურველი შედეგი) სისხლში C ჰეპატიტის ვირუსი არ არის!
ეს იმას ნიშნავს, რომ განვიკურნე.  Cleared (გაიწმინდა) როგორც ინგლისელები ამბობენ.
ამ შემთქვევაში დიეტას მაინც დავიცავ, ვინაიდან ღვიძლი დაზიანებულია და სანამ თვითაღდგენას შეძლებს, დახმარება სჭირდება. შემწვარ-მოხრაკულს, მარილსა და ალკოჰოლს მოვერიდები, დღეში ორ ლიტრ წყალს დავლევ, კვირაში ორჯერ ვივარჯიშებ, სამსახურში ველოსიპედით  ვივლი და პერიოდული ანალიზებით დავაკვირდები, ნორმაშია თუ არა ღვიძლის ფუნქციები ALT, AST, GGT .



ვარიანტი მეორე: დადებითი პასუხი (არასასურველი შედეგი) იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ვირუსი აღმოჩნდება!

ანუ კიდევ ერთ მკურნალობას უშედეგოდ ჩაუვლია! 

არ არის კარგი ამბავი, მაგრამ!!!  2007 წელთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.  იმიტომ, რომ:

მაშინ - 2007-ში
ახლა - 2014-ში

მკურნალობის სხვა კურსი არ არსებობდა.
არსებობს მკურნალობის 3 ახალი და უფრო ეფექტიანი კურსი. თანაც ინტერფერონის გარეშე, რომლის გვერდითი მოვლენებიც ძალიან მძიმედ გადავიტანე.

არ ვიცოდი, როგორ მემართა დაავადება.
მაქვს ჰეპატიტთან ბრძოლის 7-წლიანი (საკმაოდ წარმატებული) გამოცდილება. ვიცი, როგორ შევანელო მისი პროგრესი მედიკამენტების გარეშე.
თუ საქართველოში დავბრუნდებოდი, მკურნალობა ძალიან ძვირი დაჯდებოდა, რის გამოც საქართველოში ცხოვრების ან მუშაობის საკითხს არც კი განვიხილავდი.
მკურნალობა საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.

ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები - ეს ყველაფერი თუ იცი, რა ჯანდაბის გეშინია?!
ვხსნი ელფოსტას და ვაწვები ღილაკს
SEND!



25/11/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: და ბოლოს!


ძალიან ბანალურად უნდა დავიწყო ეს ბლოგი და ვთქვა, რომ არც კი ვიცი
საიდან და რითი დავიწყო მოყოლა. 

მგონი ბოლოდან ჯობია: 

ირაკლიმ მკურნალობა დაასრულა, თუმცა საბოლოო პასუხი, განიკურნა თუ არა C 
ჰეპატიტისგან, ზამთრის ბოლომდე არ გვექნება. მკურნალობას რომ დაემორჩილა 
მისი ვირუსი ეს ვიცით, ღვიძლი რომ უკეთ მუშაობს ესეც გამოჩნდა... რამდენიმე 
თვეში ისიც დადგინდება, კიდევ არის თუ არა ‘ცე’-ს მატარებელი. 


განწყობა პოზიტიური აქვს! ამტკიცებს, რომ მზადაა ნებისმიერი შედეგისთვის. 
თუმცა მე კი ვიცი, რომ ამას უბრალოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად ამბობს. 
პირადად მე არ ვფიქრობ ამ თემაზე, ვცდილობ წინ არ გავიხედო, არაფერი 
ვიწინასწარმეტყველო და არც არაფრისთვის მოვემზადო. 

ალბათ ისიც უნდა ავხსნა რატომ შევწყვიტე ბლოგების წერა: 
მკურნალობის ბოლო ფაზაში იმდენი სირთულე იყო და ყველაფერი ისე აირია, რომ 
წერა კი არა, ფიქრიც კი მიჭირდა.


თანაც დავიბენი! ამ ბლოგს გამოცდილების გაზიარებისთვის ვწერდი და უცებ 
აღმოჩნდა რომ თავად არ ვიყავი საკმარისად მომზადებული სირთულეებისთვის.
ამიტომ ჩავთვალე, რომ გასაზიარებელი არაფერი მაქვს. იმ ადამიანების მრცხვენოდა,
ვინც ჩემგან ინფორმაციას, ახალ ბლოგს, პოზიტიურ ენერგიას, რჩევას ან უბრალოდ
მათთვის საინტერესო ამბავს ელის. მაგრამ რა მექნა, ვერ ვწერდი... ახლაც ვერ ვწერ.
 
მიხარია, რომ თბილისში, ჩვენს ბინაში, მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც C 
ჰეპატიტის მატარებლებს ეხმარება. 

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სპეციალურად დატრენინგებული ოპერატორები ყველა იმ ადამიანს უპასუხებენ, ვინც 2 904 400-ზე დარეკავს. 

ისინი ეტყვიან უფრო მეტს, ვიდრე მე შემიძლია ვუთხრა პაციენტებს ან 
მათი ოჯახის წევრებს.





05/08/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: ცოტაც დარჩა!

საავადმყოფოდან რომ მოვიდა და სტივენ ჯოუნსი დაგუგლა, პირველად მაშინ შეეშინდა! ოღონდ ჯოჯოხეთური ფხანა შეწყვეტილიყო, ირაკლი მზად იყო ექიმის ყველა მითითება შეესრულებინა. დილა-საღამოს მშვიდად ველაპარაკებოდი და სტერიოდებით ვუზილავდი მთელს ტანს. ვეცადე ძალიან ფრთხილად ამეხსნა, რომ საკუთარ სხეულს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს ხოლმე.
მომეჩვენა, რომ დამეთანხმა.

ძლიერი წამალი, დასვენება,  წყნარი გარემო და მომადუნებელი მასაჟები ძალიან მოუხდა. სამი დღის შემდეგ  ქავილი შეწყდა და ენერგია მოემატა.
ეგრევე გამოაცხადა დღეს ბევრი საქმე მაქვს და ღამე უნდა გავათენოო!!!
ერთდროულად საშინელი იმედგაცრუება, ბრაზი და წყენა მომერია... როგორღაც მოვახერხე კომენტარის გარეშე წავსულიყავი დასაძინებლად.

შემდეგი დღე, შუადღე:
        -  ირაკლი, ექიმმა ხომ თქვა, ბევრი წყალი მიიღოს, რომ ინტოქსიკაციას მოერიოსო.
            დალიე რა, გთხოვ.
       -   უკვე დავლიე.
       -   როგორ დალიე, ბოთლი ხელუხლებელი გიდევს დილიდან.
       -   ეს მეორეა, ერთი უკვე დავცალე და გადავაგდე...

‘როდის დაცალე? სად გადააგდე? არც ამდგარხარ მთელი დღე!!! რატომ მიცილებ თავიდდან, მე ხომ შენთვის ვლაპარაკობ’  - რა აზრი აქვს ახლა ამის თქმას?! ამიტომ ვჩუმდები და უბრალოდ გავდივარ ოთახიდან.


საღამო:
       -      ირაკლი, მე გავალ და გემრიელ საჭმელს მოვიტან. რა გესიამოვნება?
       -      შენ რაც გინდა ის მოიტანე.

ცოტახანში პროდუქტებით დატვირთული ვბრუნდები სახლში. ირაკლი კომპიუტერთან ზის და მუშაობს. ჰეპატიტით ინფიცირებულების დასახმარებლად ქართულ ენაზე hepatitis.ge-ს ვებგვერდის შექმნა თავიდან ჩემი იდეა იყო. მაგრამ ახლა უკვე ვნანობ, რომ ეს საქმე წამოიწყო. დღეში 12-14 საათი შესვენების გარეშე მუშაობს. უძილობა და დაღლილობა ისე ფიტავს მის ორგანიზმს, რომ უფრო და უფრო უჭირს ინტერფერონის გვერდით მოვლენებთან გამკლავება.
              -         იკა, მოდი საჭმელი მოვამზადე.
              -         მე არ მინდა, შენ სანამ გასული იყავი ვჭამე.

‘რა ჭამე? რატომ მატყუებ? მაშინ რატომ მითხარი პროდუქტები იყიდეო? რომ ვაკეთებდი ხომ მხედავდი და რატომ არაფერი თქვი?’ - ამის თქმასაც არ აქვს აზრი. ახლა პირი რომ გავაღო ცეცხლს გადმოვაფრქვევ!

‘გაჩუმდი, გაჩუმდი, სხვა ოთახში გადი, საერთოდ არაფერი თქვა’ - თავი ხელში ამყავს და ხმას არ ვიღებ. მაგრამ მერე მთელი საღამო რაღაც მემართება. ანამარია მოდის, მეკითხება, მოგვიანებით მასთან ერთად ვუყურებ თუ არა ფილმს. მაგრამ მე კრიჭა მაქვს შეკრული, თავის გაქნევით ვპასუხობ. ხმის ამოღება არ შემიძლია!

ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვი. მაინც ათენებს ღამეს და მაინც ბოლომდე ფიტავს თავის სხეულს. ‘ახლა ჩემი ბრაზით საქმეს ვერ ვუშველი. ზრდასრული ადამიანია, ჩემზე უკეთ იცის რა ჯობია მისთვის. ყველა ნაბიჯზე ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ’ - დღეში რამდენჯერმე ვუმეორებ ამ სიტყვებს ჩემს თავს.

ნელ-ნელა რაღაცნაირ დისტანცირებას ვახდენ იმ ყველაფრისგან რაც აქამდე ასე მანერვიულებდა: დამიძახებს - ვპასუხობ, წყალს მთხოვს - ვაწვდი, წამალი უნდა - მიმაქვს, საჭმელი უნდა - ვუმზადებ. მაგრამ მე თვითონ აღარ ვთხოვ რომ კარგად იკვებოს, ნაკლები იმუშაოს, მეტ ხანს იძინოს და საჭირო ოდენობით სითხე მიიღოს.
უკვე თავის შეკავებაც აღარ მჭირდება, უბრალოდ აღარ ვბრაზდები ირაკლიზე. ხანდახან სამსახურში მთელი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მახსენდება ირაკლი თავისი წამლებით, კვების და ძილის პრობლემებით.

ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ვეუბნებოდი გავიდეთ, აქვე კაფეში ლანჩზე დავჯდეთთქო. ყოველ ჯერზე მპასუხობდა შემეშვი, უკვე ვჭამე და არ მინდაო. (‘შემეშვი’-ს რომ ვიგებ მერე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში ხმის ამოღების სურვილი მიქრება). ერთხელაც ჩვენს საერთო მეგობართან ერთად ბერძნულ რესტორანში წავედი და იქ გამახსენდა, რომ ირაკლის არც კი შევთავაზე ლანჩი!

‘იქნებ უნდოდა წამოსვლა’ - თავი დამნაშავედ ვიგრძენი - ‘მე შევთავაზებდი, ის ხელს ამიქნევდა, აგრესიულად ან უხეშად მეტყოდა რით ვერ დაიმახსოვრე, რომ არ მცალიაო... კარგი ვქენი, რომ არ ვუთხარი’ - მშვიდად შევუკვეთე გემრიელი სალათი.  

ერთ
საღამოს რვა საათზე ისე დავიძინე, არც კი განხსენებია რომ სტეროიდი ქონდა წასასმელი. ანა-მარიამ მეორე დღეს მითხრა, რომ სამედიცინო ხელთათმანები გაიკეთა და ირაკლის სხეული მან დაუზილა. ირაკლი მსაყვედურობს, ვახშამი არ დამიტოვე და ისე როგორ დაწექიო. 

         -      ‘გეთქვა თუ გშიოდა და გამოგიტანდი, გუშინწინ რომ დაგიდე და ზედ
                 არ შეხედე ამიტომ აღარ შემოგთავაზე’ - უემოციოდ ვეუბნები.
         -      გუშინწინ არ მშიოდა.

‘თავი მოგეტრიალებინა, ის მაინც გენახა თეფშზე რა იდო! ან როგორ არ გშიოდა, როცა მთელი დღე არ გიჭამია’ - მინდა ვთქვა, მაგრამ ისევ ხმას არ ვიღებ. ‘ან უნდა ვაკონტროლო მისი ჯანმრთელობა, ან უნდა ვიჩხუბო, როცა ჭამას აგვიანებს და ღამეს ათენებს, ან უნდა შევეშვა!’ ჩემს თავს კიდევ ერთხელ არჩევანის წინაშე ვაყენებ. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ჯობს შევეშვა ‘ჩხუბს მაინც აზრი არ აქვს. ალბათ შეუძლია და იმიტომ ათენებს ღამეს, ალბათ არ შია და ამიტომ არ მოდის ლანჩზე... თუ დავჭირდი, დამიძახებს. იცის, რომ არ დამეზარება მისი დახმარება... მაგრამ თუ არ მთხოვს, ესე იგი არ უნდა და მაინც არ გააკეთებს იმას, რაც საჭიროდ არ მიაჩნია. უნდა დაველოდო თვითონ როდის დამიძახებს. მანამდე ჯობია გავჩუმდე’ - ამაზე ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ყელში დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი... ლაპარაკი მაინც არ შემიძლია. ასე რომ სიჩუმე საუკეთესო გამოსავალია.

 ...

ინვისის პირველ რიცხვებში ღამით უცნაური სიზმარი დამესიზმრა,  ბღუჯა თმა გადავყლაპე და მახრჩობდა. შეგრძნება იმდენად რეალური იყო რომ გამეღვიძა! 
ეს სიზმარი მთელი დღე არ გამხსენებია, მაგრამ მეორე დღეს კვლავ მსგავსი კოშმარი ვნახე ძილში: თითქოს საჭმელში რამდენიმე ღერი თმა შემყვა და ყელზე დამადგა, კვლავ ხრიალით გავიღვიძე. შემდეგ ზედიზედ რამდენიმე ღამე ვიღვიძებდი და აბაზანისკენ გავრბოდი. თავიდან მეგონა მოვიწამლე. მერე დღის განმავლობაშიც დამეწყო საშინელი სპაზმური ხველა და გულისრევა.
ექიმმა ჯერ ანტიბიოტიკების შვიდდღიანი კურსი დამინიშნა, მერე ასთმის საწინააღმდეგო წამლები გამომიწერა, ბოლოს ანტიალერგიული პრეპარატების მიღება მირჩია... მაგრამ დღეში რამდენჯერმე კვლავ მეგონა, რომ ახლა ბოლოჯერ ვახველებ, უბრალოდ დავიხრჩობი და ამით დამთავრდება ყველაფერი.  სისხლის ანალიზმა და რენდგენმა არაერთხელ აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო. ამიტომ სარელაქსაციო აკვაპუნქტურა, ჩინური მასაჟი და ცხელი ქილები გამომიწერეს...
სიტუაცია ოდნავადაც არ შეიცვალა. ღამით ისევ ბუსუსები მესიზმრება, დღისით კი ყელში ბურთი მაწუხებს.

რამდენჯერმე სამსახურში პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ხორხიდან ხრიალის ხმა გაისმა... ბურთმა ყელი ისე დამიბლოკა, რომ სიტყვა ვერ დავძარი.
ახლაც, ოდნავ ხმას თუ ავუწიე, ეგრევე ყელი მტკივდება. რა თქმა უნდა გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი ნერვების ბრალია. ამიტომ ბოლო ხანებში ვცდილობ ყოველი სამი ემოციიდან ერთი მაინც იყოს პოზიტიური, რომ ამდენმა უარყოფითმა განცდამ არ დამახრჩოს. დადებითი ემოციის მიღების შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ხვალ ერთ მეგობართან მივდივარ სადილზე, ზეგ მეორეს ლანჩზე ვხვდები, კვირის ბოლოს ყველას ერთად პიკნიკი გვაქვს დაგეგმილი. გუშინ ზამთრის სათხილამურო კურორტებს ვეძებდით, რომ თებერვალში ისევ ჩვენს დიდი ლონდონურ ოჯახთან ერთად წავიდეთ სასრიალოდ.


ირაკლი ბრაზდება, მაგრამ უკვე ამაზეც აღარ ვღელავ. უბრალოდ აღარ შემიძლია მხოლოდ სამსახური, სახლი და სიჩუმე.

ჩემი მეგობრები ‘ნორმალურობის განცდას’ მიბრუნებენ.
მათთან ხმაურში მახსენდება როგორი იყო ჩემი ცხოვრება ინტერფერონამდე.
მათთან ვრწმუნდები, რომ ეს ნორმალური ცხოვრება არსად არ წასულა.

 ამ გზის ბოლოს ერთი მოსახვევი და იქ ისევ ის ნორმალური ტრასა იწყება.

24/07/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: მრავალ-ფერ-ოვანი კვება

დღეს გადავწყვიტე დროებით შევეშვა მიმდინარე მოვლენებს და დიეტაზე დავწერო. კვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა, ამიტომ დავჯექი და ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი. თუმცა ეს ბლოგი არ ეხება ინტერფერონით მკურნალობის დროს დასაცავ დიეტას. სულ ვამბობთ, რომ C ჰეპატიტის მატარებელმა უნდა დაიცვას ბალანსირებული დიეტა. ხოდა აქ აღწერილია ჩვენ როგორ ვიკვებებით მაშინ, როცა ირაკლი მკურნალობის კურსს არ გადის.


ბლოგი იმაზე, თუ ჩვენ რა გვგონია სწორი კვება.
სიტყვაგვგონიასპეციალურად ვიხმარე: საკვებთან დაკავშირებულ შეხედულებებზე ძალიან მოქმედებს საცხოვრებელი ადგილი, კულტურა და ოჯახის ტრადიცია. ხშირად ახალი კვლევები ადასტურებს რომ ადამიანებს არასწორი შეხედულებები ქონდათ პროდუქტის თვისებებზე. ხანდახან წაიკითხავ რაღაცას, ცდილობ გაითვალისწინო, მერე აღმოჩნდება რომ მორიგმა კვლევამ საწინააღმდეგო გამოავლინა. ზოგიერთი კვლევა იმდენად პატარა ჯგუფში ტარდება, რომ მის შედეგებზე დაყრდნობა ძნელია, ზოგს თავად პროდუქტის მწარმოებელი ატარებს... გამოდის რომ სულ ის უნდა არკვიო რა მასშტაბის იყო ექსპერიმენტი და ვინ ჩაატარა.
ჩემი აზრით ეს ზედმეტი თავის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს ცუდი საჭმელი მოგკლავს, თუ კარგ კვებაზე დარდი.

სასმელი
სულ მახსენდება ბავშვობაში ფიზკულტურის გაკვეთილის შემდეგ სკოლის დარაჯი ჯოხით როგორ მოგვზდევდა, თუკი ეზოს ფანტანიდან წყლის დალევას მოვინდომებდით. დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს წლის აუცილებლობაზე და ვარჯიშის დროს დეჰიდრატაციის საშიშროებაზე. თუმცა ერთი პერიოდი ისე გადააჭარბეს დასავლეთში წყლის რეკლამირება, რომ ახლა გვეუბნებიან, წყალს ძალიანაც ნუ მიეძალებითო.

ამიტომ
სპეციალურად არ ვწერ რამდენი ლიტრი წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში: თან ალიოშა დარაჯი მიდგება თვალწინ, მთელი მონდომებით რომ იცავდა სკოლის ფანტანს. თან ის მახსენდება, მე თვითონ როგორ მოვამზადე ბი-ბი-სისთვის მასალა ადამიანზე, რომელიც ზედმეტი წყლის მიღების გამო გარდაიცვალა.

ჩემი თეორია ასეთია, გწყურია - დალიე, მაგრამ მხოლოდ წყალი!!! არავითარი კოკა კოლა, (ვითომ)ნატურალური წვენი და ლიმონათი. ირაკლი და მე ხანდახან ვსვამთ 100 გრამ გაზგასულ მინერალურ წყალს (ბოთლში ვაშლის კურკას თუ ჩააგდებ, ძალიან მალე გასდის გაზი). თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაცივარში არასოდეს გვიდევს ფერადი და გაზიანი  სასმელები.  

წყალს
ვერ ცვლის წვენი, ჩაი ან ყავა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორი სასიამოვნოა დილის დაწყება დიდი ჭიქა ცივი წყლით და მერე დღის განმავლობაში ყლუპვა. გამოცდილებით ისიც ვიცი, წყლის სმამ როგორ შეიძლება თავის ტკივილი მოგიხსნას. ირაკლი ახლა კითხულობს წიგნს ირანელ დისიდენტ ექიმზე, რომელიც ციხეში მხოლოდ წყლით კურნავდა პაციენტებს. როცა მოიცლის იქნებ უფრო დაწვრილებით დაწეროს ამ ექიმის შესახებ.

როცა
სახლში ვართ, ერთმანეთს ვუმზადებთ ნატურალურ წვენებს, თუმცა დღეში მხოლოდ ერთ ჭიქას. C ჰეპატიტის მატარებლებს არ ურჩევენ მოჭარბებულად მიიღონ ვიტამინები, განსაკუთრებით სტაფილოს და ფორთოხლის წვენი. გრეიფრუტისგან საერთოდ თავი შეიკავეთო, ასე გვითხრეს.

საჭმელი 
როგორც უკვე ვთქვი, ზედმეტი ყურადღების გამახვილება საკვებზე ისეთივე არაჯანმთელი გვგონია, როგორც არასწორი კვება. ამიტომ კვირაში ერთხელ, მეგობრებთან როცა ვვახშმობთ, არ ვიწყებთ კალორიებზე და მარილის შემცველობაზე ფიქრს.

ირაკლი ღორის ხორცს არც შინ ჭამს და არც გარეთ (წელიწადში ერთხელ, ახალ წელს კეთდება გამონაკლისი), მაგრამ ასეთი შეზღუდვა ბევრ სხვა პროდუქტებზე არ აქვს დაწესებული. როცა უცხიმოს და უმარილოს ეჩვევი, მერე უკვე პირის გემო გეცვლება და ყველაფრის ჭამა აღარ გინდება, მოკლედ თუ მოუნდა ჭამს, თუ არა - არა.

შინ არასოდეს გვაქვს არაჯანმრთელი პროდუქტები, ამიტომ გარეთ ხანდახან ჩიპსის ჭამაც შეიძლება და მარილიანი მოხალული თხილისაც. ჩემი აზრით, ადამაინმა შეიძლება წელიწადში სამჯერ დააგემოვნოს ისეთი არაჯასაღი საკვებიც კი, როგორიც არის ხინკალი (ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ მძიმე მოსანელებელია და ნაკლებად სასარგებლო. კი ბატონო, წელიწადში ოთხჯერ იყოს, მარტო იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია).

ძირითადად
ჩვენი საუზმე გერკულესის ფაფაა.  ირაკლის შეუძლია დილიდან კარგად ‘ჩაუფინოს’, თუმცა ამის დრო ნაკლებად გვაქვს.

შუადღისას ლანჩი სამსახურში გვიწევს, ოფისთან ახლოს სალათების და წვნიანის დიდი არჩევანია. ბევრი ფიქრის გარეშე ვიღებთ იმას, რაც იმ წუთას მეტად მოგვწონს. სამსახურში ხშირად მიგვაქვს თხილი, ნიგოზი და ნუში. ამბობენ ყოველ დღე ერთი მუჭა  უნდა ჭამოო, თუმცა ჩვენ ალბათ მინიმუმ ორჯერ მეტს ვიღებთ ყოველდღიურად. ეს პროდუქტები რამდენიმე საათით წყალში უნდა დაალბო და მერე გამდინარე წყლის ქვეშ კარგად გარეცხო. თხილისა და ნიგვზიდან გადენილი ყავისფერი წყლის დანახვაზე სულ მახსენდება, რომ ამას მანამდე გაურეცხავად მივირთმევდით ხოლმე. დალბობის და გარეცხვის შემდეგ კანი ადვილად ეცლება ნუშს და ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე კანგაუცლელი.   
 
წესით დღისით უფრო მეტს უნდა ვჭამდეთ და საღამოს ნაკლებს, მაგრამ უბრალოდ არ გამოგვდის ასე. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის საღამოს კვებაა. რაც საქართველოდან საცხოვრებლად გადმოვედით, ასე 7 საათისთვის ტელევიზორს და ტელეფონებს ვთიშავთ, მთელი ოჯახი  ერთად ვსხდებით და ვსადილობთ. ჩვენს ლონდონურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად  სწორედ ეს მიყვარს. ირაკლი, ანამარია და მე თბილისში იშვიათად ვახერხებდით ერთდროულად ჭამას, სულ ცალ-ცალკე ვსადილობდით, თან სულ ვიღაც მიდ-მოდიოდა, რეკავდა ან  ტელევიზორიდან გევჩხუბებოდა. აქ სადილს მთელი სერიოზულობით ვგეგმავთ და ვამზადებთ. გარდა ოჯახური რიტუალისა, ეს არის მომენტი, როცა განსაკუთრებულად ვზრუნავთ მრავალფეროვანი და ჯანმთელი საკვების მიღებაზე.  


მთლიანობაში ერთი კვირის რაციონს რომ გადავხედოთჩვენს მიერ მიღებული 
პროდუქტების ერთი მესამედი  ხილი და ბოსტნეულია; 

მეორე მესამედი - ნახშირწლები;

მესამე კი - პროტეინირძისპროდუქტები და ცხიმიანუ მესამე ჯგუფითავის 

მხრივსამ ნაწილად იყოფა. 


მივყვეთ თავიდან:
პირველი ჯგუფი - ხილ-ბოსტანი
ინგლისში ბავშვებს სკოლაში ასწავლიან რომ აუცილებელია ამ ჯგუფიდან დღეში ხუთი, სხვა-და-სხვა პროდუქტის მიღება. მაგალითად საუზმეზე ფაფასთან ერთი მსხალი, ლანჩზე ბანანი და ცოტა ქლიავის ან ვაშლის ჩირი, დღის განმავლობაში სტაფილოს ან ფორთოხლის წვენი და სადილზე სალათში კიტრი ან პომიდორი.
ანუ მთავარია არა ბევრი, არამედ მ რ ა ვ ა ლ ფ ე რ ო ვ ა ნ ი.

ეს მიდგომა ძალიან მომწონს, სანამ ‘დღეში ხუთი’ს შესახებ გავიგებდი, მანამდე ისედაც
ფერების მიხედვით ვარჩევდი პროდუქტებს: სალათებს როცა ვაკეთებ ძირითადად პალიტრას ვუყურებ: თუ წითელი ბულგარული ჩავამატე, ვცდილობ კიტრი ჩავაჭრა, თუ ბულგარული მწვანეა - მაშინ პომიდორს ვამატებ. ჩემი თეორია მეცნიერულ კვლევებს არ ემყარება, უბრალოდ ყოველი ახალი ფერი ვიზუალურადაც ამდიდრებს კერძს და ვიტამინებითაც.  

მეორე
ჯგუფი - ნახშირწლები
აქაც მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. ჩვენს სახლში სადილზე კვირის განმავლობაში არ მეორდება ერთი და იგივე პროდუქტი ამ ჯგუფიდან. ამიტომაც ერთი დღე შვრიის პურს ან ღომს (პოლენტას) ვამზადებთ, მერე კი მაკარონს, ბრინჯს, კუსკუსს, ქინოას, კარტოფილს, ჭადს, ნუდელს, წიწიბურას ან ტაბულეს.  




Quinoa-ს თარგმანი ვერ ვუპოვე და უბრალოდ მოვიხსენიებ როგორც ქინოას. კუსკუსის და ტაბულეს მსგავსად, ქინოა შეიძლება იყოს ნებისმიერი სალათის ბაზა. მას გინდა ზეთსხილს და ყველს ჩაამატებ, გინდა პიტნას, კიტრს და პომიდორს, ან უბრალოდ მწვანილებს და მაგალითად ბროწეულს. ქინოა შეიძლება წიწიბურათი ჩავანაცვლოთ, მთავარია მონდომება, რომ პურის მოხმარება შეამციროთ.




ნახშირწყლებთან დაკავშირებით ერთი რამის გათვალისწინება აუცილებელია: თეთრი ფერის პროდუქტები ძირითადად არაჯანსაღია: ამიტომაც მე პირადად სადაც შეიძლებოდა ყველგან შევამცირე თეთრი : ბრინჯი ყავისფერი გვაქვს, პური - შავი(ოღონდ ნამდვილი). ამ ჯგუფში ყველაზე მავნე სწორედ თეთრი პურია, რომელიც უკვე რამდნიმე წელია არ გაგვისინჯავს, საქართველოში სტუმრად ყოფნისას მოტეხილ ლავაშს თუ არ ჩავთვლით.

ბოლო ხანებში ისპანახის მწვანე მაკარონი აღმოვაჩინე გლუტენის გარეშე და სხვას აღარ ვყიდულობ. გლუტენი ქართულად ითარგმნება როგორც წებოგვარა, ის ძალიან მავნე კომპონენტია და ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ ინფომაციას მისი შემცველობის შესახებ. წებოსგვარას ამატებენ პასტაში (ანუ მაკარონში) პურსა და ბურღულეულში. მხოლოდ ეს პროდუქტი რომ ამოვიღოთ მენიუდან, უკვე დიდ საქმეს ვუკეთებთ საკუთარ ორგანიზმს.

მესამე ჯგუფი - რძის პროდუქტები + პროტეინი + ცხიმი

გამოვიდა, რომ მთლიანი რაციონის მხოლოდ ერთი მეცხრედი უნდა იყოს რძის პროდუქტები. ამას მივესალმები! მგონია, რომ ქართველები მოჭარბებულად მოვიხმართ კარაქს, ყველსა და არაჟანს. ქოლესტერინის დონეს განსაკუთრებით მაღლა წევს ყველი, თუმცა ქართული მენიუდან მისი მთლიანად ამოღება შეუძლებელია.  
ასევე შეუძლებელია ცხიმზე უარის თქმა, მაგრამ ამ მხრივ ძალიან მეხმარება კარგი ტაფა, რომელიც ნაკლებ ზეთს საჭიროებს. ზეთის ყიდვისას ყურადღებას ვაქცევ იარლიყს - აუცილებლად უნდა ეწეროს რომ შესაძლებელია როგორც სალათში, ისევე ცხელ კერძებში გამოყენება (ზოგი ზეთი სპეციალურად ცივად მოხმარებისთვისაა შექმნილი და მისი გაცხელება არ შეიძლება).

რაც შეეხება მთავარ კერძს სადილზე: კვირაში ორი დღე გვაქვს თევზი, ორიც ზღვის პროდუქტები (ინგლისში დიდი არჩევანია), შემდეგ ხორცი - ინდაური და ხბო (ირაკლი ქათამს არ ჭამს, რადგან დოკუმენტური ფილმი ნახა იმაზე, როგორ პირობებში ასუქებენ ქათმებს, მას შემდეგ ‘ფილე’-ზე უარს აცხადებს, ღორი და ცხვარი კი უკვე დიდი ხანია გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის ზედმეტად ცხიმიანია).
ამის გარდა ხშირად ვამზადებთ სოკოს, ოსპს, ლობიოს, მუხუდოს ან ბარდას.

უკვე დავწერე რომ მარილს თითქმის არ ვხმარობთ (პური, პასტა, ყველი და სხვა პროდუტები უკვე შეიცავს საჭიროზე მეტ მარილს), ხან გახეხილ ყველს ვამატებთ საჭმელს და ხანაც ლიმნის წვენს. სახლში ბლომად გვაქვს ინდური, ტაილანდური, ქართული და იტალიური სუნელები, ასე, რომ ჯამნრთელი კვება მოსაბეზრებელს ნამდვილად არ ნიშნავს.



როგორც უკვე ვთქვი, ისედაც ყოველევის მომწონდა როცა თეფშზე რამდენიმე სხვადასხვა ფერის პროდუქტი იდო და სულ ასე ვცდილობდი კერძების მომზადებას.


რამდენიმე თვის წინ დავესწარი ინგლისის ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანებაში ტრენინგს და იქაც სწორედ ეს გვითხრა დიეტოლოგმა:

‘დააკვირდით თქვენს თეფშს და ეცადეთ ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები იყოს არაჯანმრთელი პროდუქტები. თანდათანობით შეეცადეთ უფრო ადგილი დაიკავოს იმან, რაც სასარგებლოა. ამის გარდა გააანალიზეთ რამდენად ფერადია თქვენი თეფში, ყოველი ფერი სხვა ვიტამინს ნიშნავს, ასე რომ რაც უფრო მეტი ფერია, ვიტამინების მით უფრო ფართო სპექტრს იღებთ. რადიკალური ცვლილებები არ არის საჭირო, უბრალოდ ეცადეთ ნელ-ნელა ჩაანაცვლოდ ნაკლებად ჯანმრთელი პროდუქტები. ჭამეთ ყველაფერი ცოტ-ცოტა და მცირე დოზით, მოერიდეთ ერთგვაროვან პროდუქტებს და დიდ ულუფებს’.  

მოკლედ სანამ მომავალი კვლევები დაადასტურებს, რომ მცდარია ყველაფერი, რაც აქამდე ვიცოდით ჯანმთელი კვების შესახებ, უნდა ვჭამოთ სხვა-და-სხვა, ცოტ-ცოტა, ბალანსირებული და მრავალფეროვანი. თან
გავითვალისწონოთ, რომ უკეთესია მივიღოთ მეტი მწვანე, ყვითელი და წითელი - ანუ მეტი ხილი და ბოსტნეული - და ნაკლები თეთრი  - რძე, ყველი, კარაქი, მარილი, შაქარი, ფქვილეული.  


P.S. 
ამ ბლოგის წერისას არაერთხელ გამახსენდა რომ საქართველოში ბევრ ოჯახს არათუ მრავალფეროვანი და ჯანმრთელი საკვების შერჩევის, უბრალოდ გამოკვების პრობლემა უდგას. შეიძლება ბევრი პროდუქტი ადგილზე არ იყიდება. მაგრამ მთავარია არა კონკრეტული დასახელება, არამედ მიდგომა.

მოკლედ ვიფიქრე, რომ მაინც ჯობია მე დავწერო ის, რაც ვიცი...