31/05/2013

ნათია აბრამიას ბლოგი: კიდევ ერთხელ ინტერფერონის გვერდით მოვლენებზე


 - როგორ იტანს ირაკლი მკურნალობას?


ამას ხშირად მეკითხებიან, მე ერთადერთი პასუხი მაქვს:

 - ნორმალურად.  გვერდით მოვლენებს კი უჩივის, მაგრამ მწვავე გართულებების გარეშე.




2007-ში მკურნალობის დაწყებამდე
ლონდონის მეხუთე ზონაში ვცხოვრობდით, ნაქირავებ ბინაში და ანამარიაც სკოლაში იქვე დადიოდა. ლონდონში გაცნობილი ქართვლი მეგობარი შეგვიჩნდა, თბილისში ვაპირებ დაბრუნებას და თქვენ იცხოვრეთ ჩემს სახლში, გარეუბანში ორ ოთახიანი ბინის მაგივრად ცენტრში სამოთახიანი გექნებათო.

მე ძალიან არ მინდოდა გადასვლა, ანამარია პირველად წავიდა ინგლისურ სკოლაში და ვიცოდი, რომ მისთვის კარგი არ იქნებოდა გარემოს გამოცვლა, თუნდაც უკეთეს სახლში და უკეთეს უბანში გადასვლა. თუმცა რადგან მეგობარმა ორი წლით დაგვითმო საკუთარი ბინა, თან გვთხოვა გადმოდით, რადგან გაქირავება არ შემიძლია და თქვენს გარდა ვერავის დავუტოვებო, ჩვენც ავიბარგეთ და გადავედით ახალ სახლში.

2007 წლის სექტემბერში ანამარია ახალ სკოლაში წავიდა, მე BBC-ზე სრული დატვირთვით მუშაობა დავიწყე, ირაკლიმ კი - მკურნალობა. გაოგნებულები ვიყავით იმ გართულებებისგან, რაც ინტერფერონის პირველ ნემსს მოყვა. მაშინ მივხვდით, რომ ნაჩქარევად დავიწყეთ თერაპია, არ ვიცოდით როგორ გავმკლავებოდით გვერდით მოვლენებს, მაგრამ უკვე უკან დახევა აღარ შეიძლებოდა.

მოკლედ იმ მომენტში გვეგონა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად, რთულად, საშინლად და მძიმედ იყო. მაგრამ უცებ ბინის პატრონმა დაგვირეკა თბილისიდან:
- ლონდონში დაბრუნება გადავწყვიტე და ჩემი ბინა ერთ კვირაში დაცალეთო.
აი მაშინ უკვე ჩვენი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვებს ვერ ვპოულობდით!

ამ დროს მოვიდა ჩვენი მეგობარი ლიზი ჩაჩხიანი თავისი დიდი მანქანით, ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და ჩემთან გადმოდითო.

ვისაც ამის გამოცდილება აქვს, ეცოდინება, რომ ლონდონში ბინის ქირაობა არ არის ადვილი საქმე. არ ვიცი რას ვიზამდით მას რომ არ შემოეთავაზებინა საკუთარი სახლი.
გადავბარგდით.

იმ კვირას ირაკლიმ ნემსი რომ გაიკეთა გვერდითი მოვლენების ატანა უფრო გაუჭირდა, ვიდრე მანამდე. შემდეგ კარგა ხანს უშედეგოდ ვეძებდით ბინას და ირაკლის კიდევ უფრო უმწვავდებოდა ტკივილები, დეპრესია და ნევროზი.

ლიზის სახლში ოთხი თვე ვიცხოვრეთ, ამ ხნის განმავლობაში ირაკლის ყოველ დილით ანამარია ჩრდილოეთ ლონდონიდან დასავლეთში დაყავდა სკოლაში. ყოველდღიურად ორ საათს ატარებდნენ გზაში და ორივე საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვს კიდევ ერთხელ სკოლას ვეღარ გამოვუცვლიდით.

ამასობაში ირაკლიმაც შემოიტანა BBC-ზე საბუთები და შესთავაზეს ექვსი კვირა უხელფასო კონტრაქტი შემდგომში შტატში აყვანის პერსპექტივით. მკურნალობას, ყოველდღიურ მგზავრობას და ბინის ძებნით გამოწვეულ სტრესს, კიდევ ის დაემატა, რომ ჩვენი ბრიტანეთში ყოფნის ვადა იწურებოდა. BBC-სთან ჩვენს თანამშრომლობაზე იყო დამოკიდებული გაგვიკეთებდა თუ არა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია სამუშაო ვიზას. ირაკლი ცდილობდა ახლადგაცნობილ კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენას, გადამეტებულად მუშაობდა და საშინელ სტრესში იგდებდა თავს.

ერთ საღამოს მე და ლიზი სახლში ვიყავით, როდესაც იკამ ანამარია სკოლიდან მოიყვანა და  სასადილოდ დაჯდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ტკივილი აწუხებდა.

დიდ ჯამში წვნიანი დავუსხით და ირაკლიმაც  ჭამა დაიწყო.
ის რაც მაშინ ვნახე არასოდეს დამავიწყდება: როცა თავს ოდნავ ხრიდა, ბღუჯა-ბჟუჯად ვციოდა მისი მოკლე თმა და პირდაპი მაგიდასა და თეფშში იყრებოდა. მე და ლიზი ხან ერთმანეთს ვუყურებდით, ხან ირაკლის. გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებდით. ირაკლი კი ძალიან ნელა აგრძელებდა ჭამას, თან თავის ყოველი დახრისას, კვლავ თოვლივით ცვიოდა თმა.

- არ მოგწონს შენ ეს წვნიანი, სახეზე გეტყობა, წადი, წამოწექი - ლიზამ ვერ გაუძლო ამ სანახაობას და პირდაპირ ცხვირწინ აართვა თეფში. ირაკლის ხმა არ ამოუღია, მართლაც გავიდა ოთახიდან და წამოწვა. სამზარეულოს მაგიდაზე ის ადგილი, სადაც მანამდე თეფში იდო თეთრად დარჩა! თეთრი რგოლის ირგვლივ კი სიმეტრიულად იყო მოფენილი ირაკლის თმა!!! წამოწოლით კი წამოწვა, მაგრამ სახსრები ისე ტკიოდა, მთელი ღამე წუხდა, წუთითაც კი ვერ დაიძინა.
...
ახლა ამ ყველაფერთან რა მოსატანია ის, რომ ამ ჯერზე მკურნალობა რაც დაიწყო გამუდმებით ეხვევა თავბრუ, აწუხებს გულის რევის შეგრძნება, ხან ძალა არ აქვს ლოგინიდან ადგეს, ხანაც კი სურვილი. ბოლო ხანებში საშინლად ეფხანება სხეული, მთელს ტანზე გაუღიზიანდა კანი და ეს გულს უწვრილებს, მაგრამ იმასთან შედარებით რაც წინა მკურნალობისას გადაგვხდა, ფხანისგან დასისხლიანებული კანი დიდ პრობლემად არ მიგვაჩნია. 
ეს ყველაფერი მათთვის ავღწერე, ვინც ინტერფერონით მკურნალობას აპირებს.

რატომ აქვს ნაკლები გართულებები ახლა?
გარდა იმისა, რომ ორგანიზმი შეეჩვია ინტერფერონს (2007ში ჩატარებული ერთწლიანი კურსის შემდეგ სხეული ისე ცუდად აღარ რეაგირებს ყოველკვირეულ დოზაზე) ძალიან დიდ როლს თამაშობს, ის, რომ ახლა სტაბილური საცხოვრებელი და სამსახური გვაქვს.

* სტაბილურობის შეგრძნება და მშვიდი გარემო სახლსა და სამსახურში
* ირაკლის ახლა შეუძლია სამსახურში რამდენიმე დღე არ წავიდეს, გამოიძინოს, დაისვენოს და თავს როცა ძლიერად იგრძნობს მაშინ იმუშაოს.
* ამჯერად ზუსტად ვიცით როგორია მკურნალობა და რას უნდა ველოდეთ.
* ანტიდეპრესანტების მიღებით თავიდან ავიცილეთ დეპრესიის განვითარება.
* ბოლო წლების განმავლობაში მუდმივი ვარჯიშით, ცურვითა და სირბილით, ირაკლის ორგანიზმი მკურნალობის დაწყებამდე ძლიერ ფიზიკურ ფორმაში იყო  

სწორედ ამიტომ ვაწარმოებ ამ ბლოგს, ამიტომ ვამბობ რომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მაქსიმალურად მომზადება.

და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვისაც შეუძლია მკურნალობის თავიდან აცილება, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კვებით, ვარჯიშითა და იმუნიტეტის გაძლიერებით შეანელოს ვირუსის გავრცელების პროგრესი.