18/07/2013

ირაკლი იმნაიშვილის ბლოგი: ქავილი და ჯოჯოხეთი სინონიმებია?

ამ ბლოგის წერა დიდი ხნის განმავლობაშ არ მინდოდა.  
ძალიან გამიჭირდა მკურნალობის მე-9, მე-10 და მე-11 კვირა. მაგრამ არ ვამბობდი, არ მინდოდა თბილისში ჩემებს ენერვიულათ.  

ჩემს ყველა ბლოგს,  რამდენჯერმე, ნელა და აუჩქარებლად ჯერ დედაჩემი კითხულობს. ამის შემდეგ, ტექსტს სკურპულიოზურად სწავლობს  ბიძაჩემი, რომელიც ჯერ თვითონ ეცნობა მერე კი მეუღლეს სთხოვს ხმამაღლა წაუკითხოს. 

მკურნალობის პატარა გართულებასაც კი საოცრად განიცდიან.
ამიტომ ძალიან არ მინდოდა 
ასეთი მკითხველების ხელში მოხვედრილიყო ჩემი ნაწერი. 

წითელი ლაქები
შესაძლო გართულებების შესახებ ჯერ კიდევ მკურნალობამდე ვიცოდი. ინგლისში მკურნალობის დაწყებისთვის ისე გამზადებენ, თითქოს კოსმოსში გიშვებენ. 
გვერდითი მოვლენების დიდ ნაწილს წინა მკურნალობის დროს 'დავუამხანაგდი' : გულისრევა, სისუსტე, დეპრესია, კანის სიმშრალე და ა.შ
არ მეგონა თუ რამე გამაოცებდა, ვიდრე მუცლის არეში, გვერდებზე, სადაც ნემს ვიკეთებ, წითელი ლაქები გაჩნდებოდა.
 

თავიდან კოღოს ნაკბენს წააგავდა, მერე ზომაში იმატა და თავისი არსებობის შესახებ, ქავილით მახსენებდა თავს.  ასეთი ლაქები ხელებზე და ფეხებზეც გაჩნდნენ. ისინიც მუცლის ლაქების მსგავსად, ზომაში იზრდებოდნენ და საოცრად მექავებოდნენ.
მივხდი საქმე ცუდად იყო. 

ქავილმა გამაგიჟა! რაც მეტად იქავებ მით მეტად გექავება, არადა გაჩერება შეუძლებელია!!!

ადგილს ვერ ვპოულობდი. კარადას მუშტებს ვურტყამდი, რომ არ მომექავა. გაღიზიანებული და აგრესიული ვიყავი.  

ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მგონი ჯოჯოხეთში ყველას თავისი ცოდვების სიმძმის ალერგია აქვს და 
შესაბამისად ექავება. 

ნათიამ ჩემს ხელში ისწავლა ყველაზე რთულ სიტიაციაშიც კი ღიმილით საუბარი. თუმცა, როგორც მერე დაზვერვამ შემატყობინა, როდესაც სახლში არ ვიყავი, აბაზანაში შედიოდა, წყალს უშვებდა და ონკანთან ერთად ორ-ხმაში მოთქვამდა. 
(ონკანს იმიტომ უშვებდა, რომ  მეზობლებს ჩვენთვის პოლიციაში არ ეჩივლათ. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ვიღაცა ხმამაღლა მოთქვამს, ოჯახური ძალადობის მუხლით საქმე აღიძრება). 

ორშაბათს კლინიკაში დავრეკე და ექიმთან საგანგებო შეხვედრა ვითხოვე. ექიმის კაბინეტში შესვლისთანავე დოქტორ ეშლი ბრაუნმა გამიღიმა და მკითხა:
- როგორ ბრძანდებით მისტერ იმნაშლი.... ? 

მე პასუხად წელს ზემოთ გავშიშვლდი და ნიშნის მოგებით ვკითხე:
- შეიძლება შარვალიც გავიხადო დოქტორ ბრაუნ? 

რამდენიმე წამში საცვლის ამარა ვიდექი, ექიმი ჩემს ლაქებს ლუპით ათვალიერებდა. 


- მისტერ იმნაშელი ეს არის ტელაპრევირის შედეგად გამოწვეული ალერგია. მეორე ხარისხის დაზიანებაა. თუ მესამე ხარისხამდე გაიზრდება მაშინ მკურნალობის შეჩერება მოგვივწევს! არ მინდა თქვენთვის სტეროიდების დანიშვნა, ძალიან შეასუსტებს სტეროიდი თქვენს იმუნურ სისტემას. ორ კვირაში ტელაპრევირის მიღება ისედაც უნდა დაასრულოთ და დანარჩენი ორი პრეპარატით გააგრძელოთ მკურნალობა... მთავარ გართულებებს სწორედ ტელაპრევირი იწვევს. ამიტომ, თუკი ახლა სტეროიდების გარეშე შევძელით კანის მოვლა, ორ კვირაში, ანუ მაშინ როცა ტერაპრევირის მიღებას შეწყვეტთ, ეს გამონაყარიც ალაგდება და ინტერფერონ-რიბავერინით  მკურნალობას უპრობლემოდ გააგრძელებთ. 

სახლში წამლებისა და კრემების მთელი პარკი გამომატანეს. ალერგიის პროგრესი ოდნავ შენელდა. პარასკევს ისევ მივედი ექიმთან, დოქტორ ბრაუნმა მითხრა გამონაყარი არ გაუარესებულა, მოდი კვლავაც წაისვი ჰიდროკორტიზონის თხელი ფენა, შევეცადოთ ბოლომდე სტეროიდების გარეშე გავუმკლავდეთ ამ პრობლემასო.  
- დოქტორ ბრაუნ, მეგობრებმა  ვიქენდზე  აუზიანი სახლი ვიქირავეთ... შეიძლება წავიდე? 

- წასვლით წადით, მაგრამ არც აუზში ჩახვიდეთ და მზესაც მოერიდეთ!

წასვლა დიდად არ მინდოდა, მაგრამ ნათიას და ანამარიას ხათრი ვერ გავუტეხე.
ასეთ მდგომარეობაში ლონდონში მარტოს მაინც ვერ დამტოვებდნენ. 

აგარაკზე ჩასვლიდან მეორე დღეს სიტუაცია გაუარესდა, არ ვიცი გზაში დავიღალე, მზეზე მოვხვდი თუ უბრალოდ გართულდა ჩემი მდგომარეობა. ყურის ნიჟარები დამისკდა და წამომივიდა ძალიან მყრალი უფერული სითხე... სიწითლემ იმატა და სახეზეც დაიწყო ამოსვლა. ლაქები წყულელბად იქცა. ფეხის კოჭებიდან კისრამდე ბორდოსფერი ვიყავი.
ტანსაცმელის ჩაცმა ძალიან მიჭირდა. ჩვენი ოთახიდან მხოლოდ რამდენჯერმე გამოვედი. მეგობრების გაშეშებულ ღიმილზე ვხვდებოდი, რომ  მოჩვენებას დავემსგავსე. 
ორშაბათიც დასვენების დღე იყო და ექიმამდე  მხოლოდ სამშაბათს მივაღწიე.  ლაპარაკი მიჭირდა. ინსივოს კურსის დასრულებამდე  რვა დღე რჩებოდა. 
დოქტორ ბრაუნმა სახეზე შემომხედა და უმალ ტელეფონი აიღო:
- კანის კლინიკაა, ექიმ ოსბორნს დამაკავშირეთ! 

სტივენ ჯოუნსი 

ჰეპატოლოგიის განყოფილებიდან კანის კლინიკაში საგორავებელი ეტლით მიმიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი, დოქტორ ოსბორნი და ორი თანაშემწე მისაღებში მელოდებოდნენ. მანდილოსნების დანახვაზე მისასალმებლად ეტლიდან ადგომას შევეცადე.

- ბრძანდებოდეთ, არ ადგეთ! მე დოქტორ ოსბორნი ვარ, ესენი ჩემი სტუდენტები არიან. შეიძლება დაესწრონ პროცედურას?
 

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და კაბინეტში შევედით. უფრო სწორედ ისინი შევიდნენ და მე შემაგორეს. 

სტუდენტები პერანგის გახდაში დამეხმარნენ, დოქტორ ოსბორნმა წყლულებს დახედა და ძალიან მშვიდად უთხრა მედდას:
 

- სტივენ ჯოუნსი გვყავს პოტენციური. საოპერაციო გაამზადეთ!
გული გამისკდა. ვიფიქრე ვინმე სტივენ ჯოუნში ავერიე და ახლა ამ სტივენას ნაცვლად რამე მე არ ამომაჭრან მეთქი. 

ექიმს მკლავზე ხელი მოვკიდე და ჩურჩულით ვუთხარი:
-მე არ ვარ სტივენ ჯოუნსი! 


- ვიცით მისტერ ირაკი, უბრალოდ თუ დროზე არ მივხედეთ საქმეს სტივენ ჯოუნსის სინდრომი განვითარდება. მაგრამ თქვენ არ ინერიულოთ. მცირე საოპერაციო ჩარევა მოგვიწევს. თქვენს წყლულებს ამოვჭრით და კანს დავამუშავებთ. მათი თვისება უნდა გამოვიკვლიოთ და თავიდან ავიცილოთ არასასურველი გართულებები.

ოპერაციამ სწრაფად ჩაიარა.
იმავე დღეს ყველანაირი მკურნალობა შემიწყვიტეს. ძლიერი სტეროიდები და ანტიბიოტიკები დამინიშნეს. 

სტეროიდის მთელს სხეულზე წასმა ძალიან გამიჭირდა. საშინელი გძნობაა, თითქოს მილიონი ჭიანჭველა შეგესია და ყველა ერთდროულად გკბენს. თუმცა სტეროიდებმა და ანტიბიოტიკებმა სასწაული მოახდინა. სამ დღეში წყლულები საერთოდ გაქრა და სიწითლემ კლება დაიწყო. 

10 დღეში დაზიანების მესამე კატეგორია პირველამდე შემცირდა. კანის კლინიკიდან ჰეპატოლოგიურ განყოფილებაშუ უკვე ჩემი ფეხით მივედი. მაგრამ ინსივოს კურსი რვა დღით ადრე შევწყვიტე და ჯერაც არ ვიცი ეს რა გავლენას მოახდენს მთლიანი მკურნალობის შედეგზე. 

 
P.S.
მალე ბრიტანეთის მოქალაქე უნდა გავხდე. ბრიტანულ პასპორტში სახელისა და გვარის  შეცვლას ვაპირებ. აფხაზეთში მინდა ჩავიდე როგორც ბი-ბი-სის კორესპოდენტი. ქართული გვარ-სახელით ერთხელ უკვე არ შემიშვეს...




იმნაიშვილს ვერც ერთი ინგლისელი ვერ წარმოთქვავს და ბარემ სტივენ ჯოუნსი ხომ არ დავირქვა?! 

1 comment:

  1. სტივენ ჯოუნსი მუდმივად შეგახსენებთ იმას, რისი დავიწყებაც აუცილებლად მოგინდებათ გარკვეული დროის შემდეგ. რამე პოზიტიურს გირჩევდით, თუნდაც საყვარელი მუსიკოსების ან მომღერლების გვარ-სახელის შერწყმას. წარმატებებს გისურვებთ და რაც მთავარია-გამოჯანმრთელებას.

    ReplyDelete